დანაშაულის პრევენციის ცენტრმა „არასასურველ თანამშრომლებს“ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა

"დანაშაულის პრევენციის ცენტრი" იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს.

"დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" რამდენიმე სოციალურ მუშაკს უარი უთხრა ხელშეკრულების გაგრძელებაზე. გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ცენტრი იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს და ძირითადად დანაშაულთან შემხებლობაში მყოფ არასრულწლოვანებთან მუშაობა, დანაშაულის პრევენცია, მსჯავრდადებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა ევალება.

ანა ენდელაძე იუსტიციის სამინისტროს "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ ცენტრში" დაახლოებით ოთხი თვის წინ დასაქმდა. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, მაშინ ხანგრძლივი თანამშრომლობის პირობა მიიღო და სწორედ ამის გამო დასთანხმდა დედაქალაქიდან ქუთაისში გადასვლას.

„დამირეკეს და ტელეფონით გამაგებინეს, რომ 31 დეკემბრის შემდეგ აღარ გააგრძელებდნენ ჩემთან თანამშრომლობას“, - ამბობს ქუთაისის " არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის" ერთადერთი სოციალური მუშაკი ანა ენდელაძე.

ენდელაძის თქმით, ამავე ცენტრის ერთადერთ ფსიქოლოგსაც უარი უთხრეს თანამშრომლობის გაგრძელებაზე. რადიო თავისუფლებას „სოციალურ მუშაკთა გაერთიანებაში“ განუცხადეს, რომ სოციალურ მუშაკებთან ერთად, ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი მიიღო რამდენიმე მედიატორმა და ფსიქოლოგმა - ათამდე ადამიანმა თბილისსა და ქუთაისში.

„არ არსებობდა კადრების შემცირების რაიმე საჭიროება, არამედ - პირიქით. მეტიც, ქუთაისში "არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრიდან" გაათავისუფლეს ერთადერთი სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ხოლო ამ სპეციალისტების მუშაობის გარეშე ცენტრის ფუნქციონირება შეუძლებელია“, - ამბობენ პროფკავშირში.

რადიო თავისუფლებას "დანაშაულის პრევენციის ცენტრში" დაუდასტურეს პროფკავშირის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ თანამშრომელთა ნაწილს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდება:

„თანამშრომლები, რომლებიც სააგენტოში მოკლევადიანი ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებული, 31 დეკემბრის შემდეგ აღარ უგრძელდებათ ხელშეკრულებები... არ არიან სასურველი თანამშრომლები. ალბათ, არ არიან სასურველები“.

ანა ენდელაძეს ეჭვი უჩნდება, რომ "დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან" მასთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი შეიძლება უკავშირდებოდეს მის ბოლოდროინდელ საჯარო აქტივობას. ის ერთ-ერთი იყო იმ სოციალურ მუშაკებს შორის, რომლებმაც ღიად დააფიქსირეს პოზიცია „ქართულ ოცნებაში“ 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.