ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში გაზის აფეთქება გამორიცხა

ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრ „ალანია მოლში” აფეთქება 25 დეკემბერს, დილით მოხდა.

რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მენიაილომ უარყო, რომ ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში დილით მომხდარი აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მან ტელეგრამზე დაწერა, რომ შენობა გაზიფიცირებული არ არის.

მენიაილოს განცხადებით, აფეთქების მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრ „ალანია მოლში” მომხდარმა აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. წინასწარი ოფიციალური ვერსიით, რომელსაც რუსული მედია ავრცელებდა „ოპერატიულ სამსახურებზე” დაყრდნობით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა უარყო სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობები, რომ დღეს ვლადიკავკაზის ტელეანძის რაიონშიც მოხდა აფეთქება, რომელიც დრონით შეტევამ გამოიწვია.