ყაზახეთში კატასტროფა განიცადა აზერბაიჯანის ავიაკომპანიის თვითმფრინავმა

ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან ჩამოვარდა.

ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც, წინასწარი მონაცემებით, 67 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.

აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი Embraer 190 ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა.

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავში მყოფი 6 ადამიანი გადარჩა.

სოციალური ქსელებით გავრცელდა კატასტროფის რაიონში გადაღებული ვიდეოკადრები.

კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად ფრინველებთან თვითმფრინავის შეჯახება განიხილება.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი" ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოს აეროპორტზე დაყრდნობით წერს, რომ ნისლის გამო, ბაქოდან მომავალი თვითმფრინავი დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალის აეროპორტისკენ გაუშვეს.

განახლება: ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა დღის 12 საათისთვის ტელეგრამზე დაწერა, რომ კატასტროფას გადაურჩა 12 ადამიანი, რომელთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ცოტა ხანში კადიროვმა ამ ტექსტს დაამატა, რომ 25 გადარჩენილის შესახებ იუწყებიან.