თბილისის მერია 2025 წელს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებას გეგმავს

კახა კალაძე, თბილისის მერი

თბილისის მერია 2025 წლის პირველ ნახევარში დედაქალაქში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებას გეგმავს. ეს არის ადგილი, რომელიც ყველაზე ხშირად იქცევა ხოლმე ხელისუფლების მიღებული გადაწყვეტილებების საპროტესტო სივრცედ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს დაგეგმილი სამუშაოების ეტაპებზე უამბო:

„პირველი რაც გაკეთდება, არის საგზაო ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. შემდეგი ეტაპი იქნება შენობა-ნაგებობების განახლება, რეაბილიტაცია, ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა პირველი ეტაპი მხოლოდ და მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება, თავისი გამწვანებული თარგებით, მიწისქვეშა კომუნიკაციებით“.

მერს არ უთქვამს სამუშაოების დაწყების თარიღი.

კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის სამუშაოები 2024 წლიდან დაიწყებოდა. მან თქვა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 წელზე მეტხანს გაგრძელდება.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, ბოლო 27 დღეა ათასობით ადამიანი ითხოვს ხელახალ არჩევნებს. ხალხმრავალი პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე აღარ იქნება ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის ინიციატორი.

28 ნოემბრის შემდეგ პროევროპულ აქციებზე დააკავეს 500-მდე ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით. პოლიცია აქციებზე მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობდა. მათ შორის რამდენიმე ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას.