ზუგდიდის ნაძვის ხე საპროტესტო აქციის ფონზე აინთო

საპროტესტო აქცია ზუგდიდში. 23 დეკემბერი, 2024 წელი

ზუგდიდში საპროტესტო აქციის პარალელურად ჩატარდა მთავრობის ორგანიზებული საახალწლო ღონისძიება “ახალი წლის დღეები”.

ბულვარში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ფეიერვერკებითა და კონცერტის თანხლებით აინთო. მიმდებარედ, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან კი, პროევროპული აქცია ჩატარდა.

პროტესტის მონაწილეების თქმით, მოქალაქეების მოთხოვნების და საზოგადოებრივი წინააღმდეგობის უგულებელყოფით, ხელისუფლება ქმნის ილუზიას, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, რეალურად კი შეშინებული არიან.

აქციის მონაწილეები 26-ე დღეა რწმუნებულის ადმინისტრაციასთან იკრიბებიან ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით.

აქტივისტებმა საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. მათ მოქალაქეებს პროტესტში ჩართვისკენ მოუწოდეს.

პოლიცია საპროტესტო აქციის პარალელურად მობილიზებული იყო ბულვარშიც, სადაც საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.

საპროტესტო აქცია ზუგდიდში. 23 დეკემბერი, 2024 წელი


მთავრობის მიერ ორგანიზებულ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მომღერლებმა თაკო გაჩეჩილაძემ, კახა კუხიანიძემ, თამთა ჭელიძემ, გია ნიკოლაძემ, მარიკა თხელიძემ, ნინი ქარსელაძემ და ჯგუფმა "ქუჩის ბიჭებმა".

მერიის ინიციატივით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 15:00-დან 23:00-მდე მგზავრებს უფასოდ ემსახურება.