„დღეს რასაც ვხედავთ, არის ის, რომ "ამრევების ალიანსი" შეიკრა - ჩრდილო კორეა, ჩინეთი, ირანი, რუსეთი - ისინი ერთად დგანან. უკრაინის წაგება თითოეული მათგანის გამარჯვებას ნიშნავს და აშშ-ის პოზიციების შესუსტებას მსოფლიოში. თუ ამერიკა უკრაინას ზურგს შეაქცევს, სახიფათო სიტუაციაში აღმოვჩნდებით - მეორე მსოფლიო ომის წინანდელ სიტუაციაში“, - ეუბნება მედისონის პოლიტიკის ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი, პოლკოვნიკი ლიამ კოლინსი რადიო თავისუფლებას. კოლინსი, რომელიც ვესტპოინტის თანამედროვე ომის ინსტიტუტის დამფუძნებელი დირექტორია, 2016-2018 წლებში უკრაინის მრჩეველი იყო თავდაცვის საკითხებში. ვაჟა თავბერიძემ მას რუსეთ-უკრაინის ომის სამი წლის მოკლე შეჯამება სთხოვა.
რადიო თავისუფლება: ფრონტზე სიტუაციის მიმოხილვით დავიწყოთ - თუ არაფერი შეიცვალა, რისი იმედი შეუძლია ჰქონდეს თითოეულ მხარეს, რას შეუძლიათ მიაღწიონ ახალ წლამდე?
კოლინსი: უკრაინა ვერ მოახერხებს რაიმე მნიშვნელოვანი ტერიტორიის გათავისუფლებას. მათი მთავარი ამოცანა პოზიციების შენარჩუნება, ძალების აღდგენა და მომარაგების უზრუნველყოფა იქნება. რაც შეეხება რუსეთს, ისინი კვლავ გააგრძელებენ საკუთარი ჯარისკაცების უაზროდ ხოცვას, მათ არ ადარდებთ რუსეთის მოქალაქის, რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე - ისინი საკუთარ დანაყოფებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ. რამდენიმე ათეული ან ასეული მეტრით წინ წაწევა ასეულობით რუსი ჯარისკაცის სიცოცხლედ უჯდებათ, ყოველგვარი ტაქტიკური სარგებლის გარეშე. თუ არაფერი შეიცვალა, ვფიქრობ, რუსული ძალები გარკვეულ მიმართულებებზე კიდევ ცოტათი წაიწევენ წინ, მაგრამ ფრონტის საერთო ხაზი დიდწილად სტატიკური დარჩება.
რადიო თავისუფლება: სწორედ ამაზე უნდა მეკითხა - როგორ ფიქრობთ, მოახერხებს რუსეთი ახალ წლამდე რაიმე სერიოზული ტაქტიკური წარმატების მიღწევას? ვგულისხმობ ახალი ქალაქების, დასახლებების, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ფორპოსტების დაპყრობას. ან კიდევ - კურსკის გათავისუფლებას?
კოლინსი: ვფიქრობ, რომ ვერა. თუმცა უკრაინას სასიცოცხლოდ სჭირდება მომარაგება. აქ ამოსავალი კითხვაა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს აშშ ახალი წლის შემდეგ - მთავარი გაურკვევლობა პრეზიდენტ ტრამპის გეგმებთანაა დაკავშირებული - როგორი იქნება ტრამპის პოზიცია, შესაბამისად კი, აშშ-ის პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით? უკრაინამ დიდებულად იბრძოლა, მამაცურად და ერთობ ეფექტიანად, მაგრამ მარტო მამაცობით ვერას გახდები, თუ შეიარაღება არ გაქვს. თუ აშშ გადაწყვეტს, რომ მნიშვნელოვნად შეამციროს ან შეწყვიტოს უკრაინას მხარდაჭერა, შეძლებენ კი სხვა დასავლური ქვეყნები ამ ხარვეზის შევსებას?
ასევე ნახეთ როგორ დაემხობა პუტინის „მარადიული“ რეჟიმი?რადიო თავისუფლება: თქვენ წერთ, რომ უკრაინა უნდა ეცადოს, ეს ომი რუსეთისათვის გაუსაძლისად ძვირი გახადოს - ბრძოლის ველზე რა უნდა მოხდეს, რათა კრემლი ამაზე დაფიქრდეს? რამე აქამდე არნახული, უპრეცედენტო დანაკარგები? ყოველთვიურად რამდენი მოკლული რუსი ჯარისკაცი იქნებოდა საკმარისი ამისთვის?
კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ყოველთვის ჯეროვნად უნდა შეაფასო რუსების გამძლეობა და უნარი, ყველანაირი ტკივილი თუ დისკომფორტი აიტანონ...
კოლინსი: ვნახეთ, რომ ყველაზე მეტად რუსეთს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განხორციელებული დარტყმები სტკივა - თუ ეს დარტყმები გაგრძელდება და მეტიც, გამძაფრდება, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ომის ფასს რუსეთის პოლიტიკური ელიტაც გადაიხდის, ფრონტისგან განსხვავებით, სადაც პუტინის ამბიციების ფასს მხოლოდ რუსის ჯარისკაცი იხდის საკუთარი სიცოცხლით. რუსეთს ეს არ სტკივა. ამიტომაც უკრაინამ გათვლა უნდა გააკეთოს ფრონტისმიღმა დარტყმებზე, ჩვენ კი მაქსიმალურად ნაკლები შეზღუდვები უნდა დავუწესოთ მათ ამ კუთხით - უკრაინას უნდა შეეძლოს, იერიში მიიტანოს რუსეთში ნებისმიერ წერტილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სანამ რუსეთს ეკონომიკურ მხარდაჭერას ჩინეთი უწევს, სამხედრო რესურსების მხრივ კი ირანი და ჩრდილოეთი კორეა უმაგრებთ ზურგს, რთული იქნება რუსეთზე იმგვარი ზეწოლის განხორციელება, რომ მათ ეს ომი ძვირად დაუჯდეთ.
რადიო თავისუფლება: და რატომ არ სტკივა ეს რუსეთს? ბრძოლის ველზე დანაკარგებს ვგულისხმობ - საოცარია, რომ დანაკარგების მაჩვენებელი, რაც არ უნდა მაღალი იყოს, რუსეთზე, როგორც ჩანს, გარდამტეხ გავლენას არ ახდენს. როგორც ორი ომის ვეტერანი, როგორ ფიქრობთ, არსებობს დანაკარგების რაიმე ზღვარი, რომლის გადალახვის შემდეგაც მოსკოვი შეიძლება დაფიქრდეს, უფრო კი - გადაიფიქროს იმის კეთება, რასაც დღეს აკეთებს?
კოლინსი: რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ზღვარი, რომლის მიღწევის შემდეგაც ბრძოლას ვეღარ გააგრძელებენ, რადგან უბრალოდ აღარ დარჩებათ ჯარისკაცები. მაგრამ რეალურად, რამდენად ძალუძს უკრაინას ამ ზღვრამდე მივიდეს? სიმართლე რომ ვთქვათ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს შესაძლებელია. ომის დასაწყისში ვფიქრობდი, რომ შესაძლოა მივსულიყავით ამ ნიშნულამდე, მაგრამ კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ყოველთვის ჯეროვნად უნდა შეაფასო რუსების გამძლეობა და უნარი, ყველანაირი ტკივილი თუ დისკომფორტი აიტანონ. ნაწილობრივ ამას ის ხსნის, რომ ჩვენთან, ჩვენს ქვეყნებში საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნავენ, რუსეთს კი ეს არ აინტერესებს.
ასევე ნახეთ რუსეთის დამკრძალავი ბიზნესი ომის პერიოდშირადიო თავისუფლება: და მაინც, როგორ გამოიყურება ეს გადაულახავი რუსი? რამდენ მოკლულ რუს ჯარისკაცზე ვსაუბრობთ?
თუ რუსებს ფრონტზე ჩრდილოეთკორეელები ჰყავთ, რომლებიც კი არ წვრთნიან, იბრძვიან, მაშინ რატომ არ შეუძლიათ დასავლეთის ქვეყნებს, უკრაინაში ინსტრუქტორები გაგზავნონ?..
კოლინსი: გულწრფელად გეტყვით: ომამდე რომ გეკითხათ, ალბათ გეტყოდით, 200 000 კაცი მეთქი, მაგრამ ფაქტია, რომ ამდენი მგონი პირველივე თვის განმავლობაში დაკარგეს. ანუ, შედარებისთვის - უკრაინაში ომის პირველ თვეებში უფრო მაღალი დანაკარგები ჰქონდათ, ვიდრე ავღანეთში ათწლიანი ომის განმავლობაში. და რა გახდა ავღანეთის ომის დასრულების მიზეზი? ეს უკიდურესად არაპოპულარული ომი იყო. რუსი დედები ვერ ეგუებოდნენ საკუთარი შვილების სახლში კუბოებით დაბრუნებას.
რადიო თავისუფლება: მაგრამ როგორც ჩანს, ახლა ეგუებიან, მაშინ როდესაც ათჯერ მეტი კუბო ჩადის რუსეთში. რატომ?
კოლინსი: ნაწილობრივ იმიტომ, რომ პუტინს უფრო მტკიცედ უჭირავს ქვეყანა ხელში, ოპოზიცია დააჩოქა, მაგრამ ნაწილობრივ იმიტომაც, რომ რუსეთისა და რუსებისთვის უკრაინას, ავღანეთთან შედარებით, ფუნდამენტურად მეტი, საკრალური მნიშვნელობა აქვს. მათ გონებაში ეს სხვა ომია - უკრაინა, როგორც ცნება, მათ ფსიქიკაში გამჯდარია, როგორც რუსეთის განუყოფელი ნაწილი, თვლიან, რომ ეს მიწა მათ ეკუთვნით. ავღანეთი მათთვის ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა.
რადიო თავისუფლება: გასაგებია. ზემოთ ახსენეთ, რომ უკრაინას მომარაგება სჭირდება და მარტო გამბედაობა საკმარისი არ არის, თუ შესაბამისი შეიარაღებაც არ გაქვს. მაგრამ, მეორე მხრივ, აღჭურვილობა რომც ჰქონდეთ, საჭიროა ხალხი, ჯარისკაცები, ვინც ამ ტექნიკას გამოიყენებს. რამდენად მწვავეა უკრაინის ადამიანური რესურსების პრობლემა, რაზეც სულ უფრო და უფრო ხშირად გვესმის?
კოლინსი: ეჭვგარეშეა, რომ ორივე სჭირდებათ - როგორც შეიარაღება, ისე ცოცხალი ძალა და ცალკე თემაა ჯარისკაცების ჯეროვანი მომზადება ამ შეიარაღების სათანადოდ გამოსაყენებლად. ცოცხალი ძალის პრობლემის გადაწყვეტის ერთი გზა შეიძლება იყოს გაწვევის ასაკის შემცირება – თუ ნატოს ქვეყნებს შევხედავთ, მათ გაწვევის ასაკი უფრო დაბალი აქვთ, ვიდრე დღეს უკრაინას.
რადიო თავისუფლება: მაგრამ დასავლური ქვეყნების უმეტესობა თავის ხალხს ომში არ აგზავნის, უკრაინა კი ასე განზრახ იქცევა - დემოფონდის შესანახად.
კოლინსი: დიახ, ლოგიკა მესმის, მაგრამ თუ ქვეყნის გადარჩენა დევს სასწორზე, ისტორიულად, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფს მიმართავდნენ, ეგზისტენციალურ ომში საბრძოლველად. მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა დასავლელი ინსტრუქტორების რაოდენობის ზრდა და მათი უშუალოდ უკრაინაში განთავსება. თუ რუსებს ფრონტზე ჩრდილოეთკორეელები ჰყავთ, რომლებიც კი არ წვრთნიან, იბრძვიან, მაშინ რატომ არ შეუძლიათ დასავლეთის ქვეყნებს, უკრაინაში ინსტრუქტორები გაგზავნონ, რათა უკრაინელები ადგილზე გაწვრთნან? ამის განხორციელებას რეალურად არაფერი უდგას წინ, პოლიტიკური ნების გარდა.
ასევე ნახეთ როგორი შეიძლება იყოს უკრაინის სამშვიდობო გეგმა?რადიო თავისუფლება: დონალდ ტრამპმა ახლახან განაცხადა, რომ არ იწონებს ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, უკრაინას უფლება მისცეს ატაკამსებით დაარტყას რუსეთის სიღრმეში არსებულ სამიზნეებს. ამის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდია საფრთხე, რომ ინაუგურაციის შემდეგ ახალი პრეზიდენტი კიევს ამ ანთებულ „მწვანე შუქს“ ჩაუქრობს?
თუ პუტინი „არ ითანამშრომლებს“, გამორიცხული არაა, ტრამპმა, კრემლზე ზეწოლისთვის უკრაინისთვის დახმარება გაზარდოს...
კოლინსი: ვფიქრობ, ამ განცხადებებს ერთგვარი ბუნდოვანება შემოაქვს, ნაკლებად განჭვრეტადია, რაც შეიძლება მოხდეს, და ეს ხომ სავაჭროდ მშვენიერი სტარტია, არა? რის გაკეთებას მოისურვებს ტრამპი? ის საქმოსანია, გარიგებების გაჩარხვის დიდოსტატი, და დაგვპირდა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, ამ ომს რამდენიმე დღის განმავლობაში დაასრულებს, რაც, ვფიქრობ, არარეალურია. პოლიტიკაში „დღეები“ რეალურად ნიშნავს კვირებს ან თვეებს, თუ მეტს არა. მაგრამ ცხადია, ეცდება თავისთვის ხელსაყრელი გარიგება გამოივაჭროს ორივე მხარისგან, მაგრამ როგორ მოიქცევა, თუ ისინი - კიევი, ან მოსკოვი, ანაც ორივე - გაჯიუტდებიან და მის ნებას არ დაჰყვებიან? თუ პუტინი, ვთქვათ, „არ ითანამშრომლებს“, გამორიცხული არაა, ტრამპმა, კრემლზე ზეწოლისთვის უკრაინისთვის დახმარება გაზარდოს. ანალოგიურად, თუ ზელენსკისგან სასურველი ნაბიჯები ვერ მიიღო, შესაძლოა, საერთოდ შეწყვიტოს უკრაინის დახმარება და მოსთხოვოს შეთანხმების დადება ნებისმიერ ფასად. ჯერჯერობით, ყველაფერი ძალიან ბუნდოვანია, მხოლოდ ერთი რამაა ცხადი - „რამდენიმე დღეში“ ან „რამდენიმე კვირაში“ არაფერი მოხდება.
რადიო თავისუფლება: შეთანხმება ნებისმიერ ფასად - თუ სწორედ ეს სცენარი ვიხილეთ, გარიგება, რომელშიც უკრაინა აშკარად წაგებული მხარე გამოდის - რა გრძელვადიანი გეოპოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?
კოლინსი: რასაც ვხედავთ, არის ის, რომ „ამრევების ალიანსი“ შეიკრა - ჩრდილო კორეა, ჩინეთი, ირანი, რუსეთი - ისინი ერთად დგანან. უკრაინის წაგება თითოეული მათგანის გამარჯვებას ნიშნავს და აშშ-ის პოზიციების შესუსტებას მსოფლიოში. თუ ამერიკა უკრაინას ზურგს შეაქცევს, სახიფათო სიტუაციაში აღმოვჩნდებით - მეორე მსოფლიო ომის წინანდელ სიტუაციაში, მაშინაც მარტო შევატოვეთ დემოკრატიული ქვეყნები აგრესორს და რაც მოვიმკეთ, ყველამ ვიცით. მხოლოდ იმედი მაქვს - დარწმუნებული არ ვარ - რომ წარსულის ეს გაკვეთილი გავითავისეთ, არ დაგვვიწყებია. ან იქნებ სულაც ვერ ვისწავლეთ? თუ შეერთებული შტატები ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს „ამრევების კლუბის“ სხვა წევრებს მხოლოდ წააქეზებს, წაახალისებს და შესაძლოა, ჩინეთმა მერე მართლაც გაბედოს და სცადოს ტაივანის დაპყრობა - წლებია, თვალი უჭირავთ ამაზე. ჩინეთში ალბათ თავიანთ თავებს ეკითხებიან: რამდენად ძვირად დაუჯდა რუსეთს ეს ყველაფერი? ძვირად დაუჯდა, მაგრამ თუ ამ ავანტიურის შემდეგ უკრაინული მიწის კარგა მოზრდილი ნაჭერი შერჩებათ, მაშინაც ძვირია ის ფასი, რაც გადაიხადეს? პირიქით - კრემლის გადმოსახედიდან, ეს სარფიანი გარიგებაა. 1000-ობით ჯარისკაცის სიცოცხლე? არაფრად ადარდებთ. დაკარგული მილიარდები? მეტს იშოვიან. ჩინეთშიც ამ ყველაფერს უყურებენ და ალბათ ასკვნიან: თუ ამაზე წავალთ, ალბათ, მოგვიწევს ცოტა ხანი სანქციები ავიტანოთ, რამდენიმე წელი, სამაგიეროდ, ტაივანი საბოლოოდ და უკანმოუბრუნებლად ჩვენი გახდება. განა არ გვიღირს ამად? 2022 - 2025-მდე, სულ რაღაც სამი წელიწადია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთიც ზუსტად იმავე არგუმენტებით იმსჯელებს, რითაც რუსეთი. თუ დღეს ჩინეთს ეტყვი: „კი, მთელი მსოფლიო აგიმხედრდება, მაგრამ სამ წელიწადში ტაივანი შენი იქნება, ხალხს კი ეს ომი უკვე მოჰბეზრდება“, - ისინი, დარწმუნებული ვარ, არც კი დაფიქრდებიან, ისე მოაწერენ ხელს ამაზე, მათთვის ეს დიდებული გარიგება იქნებოდა. აი, რა დევს სასწორზე ამ მოლაპარაკებებში - არა მხოლოდ უკრაინის ომი, არამედ ისიც, სხვა ომებსაც ვიხილავთ თუ არა.
ასევე ნახეთ ორბანის შემდეგ ფიცო