პრეზიდენტი: რეჟიმის ჩამოშლა - ეს არის ალტერნატივა. ან დიალოგი, კომპრომისი, დათმობა

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კვლავ მოუწოდებს "ქართულ ოცნებას" და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, დიალოგში ჩაერთოს და შეხვდეს მხარეებს ან თუნდაც პირისპირ - მას. პრეზიდენტი, გავრცელებულ მიმართვაში საუბრობს ალტერნატიულ გეგმაზეც, რაც, მისივე თქმით, არის "რეჟიმის ჩამოშლა".

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სალომე ზურაბიშვილის ვიდეომიმართვა გაავრცელა მას შემდეგ, რაც 22 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე მიკროფონის გათიშვის გამო, მას თავისი სიტყვის დასრულების საშუალება არ მიეცა.

"ძალიან არ მოსწონთ, როდესაც ვსაუბრობ დიალოგზე, კომპრომისზე, ჩვენ ვართ რადიკალები და მეორე მხარეა ყოველთვის "მშვიდობის მტრედი", დიალოგის მომთხოვნი და ა.შ. ამ საკითხებზე დიალოგი ჩემთან უნდა იყოს, როგორც მედიატორთან და იმასთან, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში და აკვირდებოდა მას.

მეორე მხარესაა [ბიძინა] ივანიშვილი და მის მიერ დანიშნული, არ ვიცი რამდენი წარმომადგენელი... მარტოც რომ მოვიდეს, არა უშავს, მეც ვიქნები მაშინ მარტო. ამისთვის ძალიან ცოტა დროა, ეს კრიზისი აღარ ითმენს. თუ მოვიდა იმ აზრზე, რომ ამ ქვეყანას, ამ საზოგადოებას გავუფრთხილდეთ, დავაწყნაროთ და მივცეთ ის, რაც არის დაწყნარების და მშვიდობის გასაღები, მაშინ შევხვდეთ, რატომ გადავდოთ? ამ კვირაში, 29 დეკემბრამდე, მე მზად ვარ და მივიღებ, ნებისმიერ ფორმატში შევხვდეთ, ძალიან მარტივი იქნება", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი და იქვე ამატებს, რა გეგმა აქვს, თუკი ბიძინა ივანიშვილი დიალოგზე უარს იტყვის:

"29-დან, უკვე თუ არ იქნა მიღწეული კომპრომისი, დიალოგი... მეორე ვარიანტი, მაინც მივდივართ არჩევნებამდე, მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით. უკვე იშლება ეს რეჟიმი და ეტყობა, რომ ყოველდღიურად ახალი სეგმენტები საზოგადოების, ახალი ჩინოსნების სხვადასხვა დარგის, ახალი ბიზნესები უერთდებიან პროტესტს, არა ისინი, ვინც დღეს კობახიძესთან მივიდა. მთელი დანარჩენი ჯარი ქართული ბიზნესისა, რომლებსაც არ აქვს რუსეთთან მჭიდრო კავშირები, ძალიან წუხს, ძალიან ღელავს და ხედავს საითკენ მიდის ქვეყანა, ჩვენი ფინანსური სტაბილურობა. იმ სიტუაციაში, როცა სანქციები უკვე დაწესებული და როცა ეროვნული ბანკი აგრძელებს თავის სრულიად გაუგონარ პოლიტიკას.

რეჟიმის ჩამოშლა, ეს არის ალტერნატივა. ან დიალოგი, კომპრომისი, დათმობა. ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც თვლის "ოცნება". საჭიროა დათმობა, საჭიროა რაღაცების აღიარება. თუ არა, ეს არის რეჟიმი ჩამოშლა, რომელიც თავისით იშლება. აქ არავისი ხელი არაა, არც ომის პარტიის, არც ღომის პარტიის. არის თქვენი ხელი, ვინც ხართ ძალაუფლებაში, იმიტომ რომ დროზე ვერ მოხვედით გონზე".

ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილმა აქციას მიმართა: ახალი არჩევნების თარიღი 29 დეკემბრამდე უნდა შეთანხმდეს

ზურაბიშვილის თქმით, ამ მეორე ეტაპისთვის ყველა მზად უნდა იყოს და აცხადებს, რომ თავადაც მზადაა, როგორც პრეზიდენტი, "რომელიც არ ტოვებს თავის ლეგიტიმაციას და თავის როლს, როგორც ამ ქვეყნის წარმომადგენლის".

პრეზიდენტის თქმითვე, თუკი მმართველ ძალასთან დიალოგი ვერ შედგება, შეიქმნება საბჭო, რათა "ვმართოთ ეს პერიოდი".

"ამ საბჭოს მანდატი იქნება მხოლოდ ერთი - მომზადება ახალი არჩევნებისთვის".

საპროტესტო დემონსტრაციები 28 ნოემბერს დაიწყო.

უკვე 26 დღეა, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში არ წყდება აქციები, სადაც მოსახლეობა აპროტესტებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება მომდევნო ოთხი წელი არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.