„დეტექტივი კარნახობდა, აგერ არის სხვა ოქმი და ეს გადაწერეო“ - გიორგი ბაგრატიონი აქციაზე დაკავების ამბავს ჰყვება

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი ბაგრატიონის დაკავების უწყვეტი კადრები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა - ამ ჩანაწერებში ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელიც რუსთაველზე მშვიდად საუბრობს, ზუსტად 2 წუთში დასისხლიანებული გაჰყავთ პოლიციის კორდონიდან.

ადამიანის უფლებების დამცველები აღარ ერიდებიან სიტყვა "წამებას" საქართველოში დემონსტრანტებზე პოლიციის ძალადობაზე საუბრისას. მეტიც, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" 28 ნოემბრის შემდეგ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებს და რეპრესიებს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აფასებს.

რადიო თავისუფლება 28 ნოემბერს დაწყებულ ყოველდღიურ საპროტესტო აქციებზე დაკავებული და ნაცემი ადამიანების ისტორიებს აგროვებს.

ბავშვთა ქირურგიის რეზიდენტი გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი აქციაზე 29 ნოემბრის დილას, 5:02 წუთზე დააკავეს რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „მარიოტის“ წინ საქართველოს დროშით მდგომი.

რამდენიმე ტელეარხის პირდაპირ ეთერში ნათლად ჩანდა, როგორ აგდებენ მას ქუჩაში დაკავების შემდეგ, ასხამენ წიწაკის სპრეის, შემდეგ კი მიათრევენ სპეცრაზმის კორდონში, საიდანაც დასისხლიანებული სახით გამოდის, თავზე ქუდი აღარ ახურავს და სიარული უჭირს.

„დაახლოებით 20 მეტრში ვიდექი პოლიციის კორდონთან, ამ დროს აღარც მოწოდებები იყო დაშლისკენ, არაფერი. ხალხი მიდი-მოდიოდა, აღარაფერი აღარ ხდებოდა. რაღაც მომენტში ვიღაც ადამიანი დავინახე შავებში ჩაცმული, რომელიც უცნაურად შორს იყო გამოსული პოლიციის კორდონიდან, მაგრამ ვერ ვიფიქრე, რომ გდდ-ს [განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი - რ.თ.] წევრი იყო. დემონსტრანტებიც ბევრი იყვნენ შავებში ჩაცმულებიც და ნიღბებითაც და არავის არ უეჭვია, რომ ის პოლიციის თანამშრომელი იყო.

საქართველოს დროშა მეჭირა და სხვა დემონსტრანტებთან შედარებით უფრო ფერადად მეცვა - მწვანე ქურთუკი და წითელი ქუდი. ამ დროშას ვაფრიალებდი. ჩვენს დაკავებამდე მარტო ე.წ. მორბენალი დანაყოფი ჩნდებოდა ბესიკის ქუჩაზე, ვიღაცეებს იტაცებდნენ, ისევ ზემოთ ადიოდნენ - რუსთაველზე მაგ დროს მშვიდობა იყო.

ბარიკადებისკენ ვაპირებდი წასვლას, რომელიც ოპერასთან იყო და ზურგიდან ჩამავლო ხელი ამ შავებში ჩაცმულმა კაცმა - ეგრევე ვუთხარი, მოვდივარ, წინააღმდეგობას არ გიწევთ-თქო, ეგრევე გაჩნდა მეორე მხარეს მეორე კაცი და წამათრიეს კორდონისკენ. ჩემმა მეგობარმა - რას შვრებით, სად მიგყავთო და ისიც წამოიყვანეს“.

გიორგისთან ერთად დააკავეს მისი მეგობარი ნიკა დანელიაც.

გიორგი ამბობს, რომ ნიკა მასზე გაცილებით სასტიკადაა ნაცემი.

„კორდონში რომ შეგვათრიეს, პირველივე რიგებიდან, რა თქმა უნდა, ყველა გვირტყამდა, ვინც მოგვწვდა ხელით, ფეხით, სახეში, ტანში, ფეხებში, ყველგან გვირტყამდნენ. ჩემს მეგობარს უფრო მეტად ცემდნენ, საყურე ეკეთა და ალბათ მაგის გამო, იძახდნენ კიდეც, შე საყურიანოო. იმ შეურაცხყოფებს აღარც მოვყვები, რასაც გვაყენებდნენ. სამმართველოში სარკე არ გაქვს, ჩემ თავს ვერ ვხედავდი, მაგრამ ჩემი მეგობარი რომ შემოიყვანეს იზოლატორში, წარბი გახეთქილი ქონდა, თვალბუდის ქვემოთ გაჭრილი ქონდა - იმის ცემა მანქანაშიც გააგრძელეს, ორი ნიღბიანი ადამიანი დახვდა, რომლებმაც სახე დაუჭირეს და გამეტებით ურტყეს მუშტები. განძრევაც არ შეეძლო, ხელშეკრული ყავდათ“.

სპეცრაზმის კორდონის გავლის შემდეგ გიორგი და ნიკა ორ სხვადასხვა მანქანაში გაანაწილეს, თუმცა არა მიკროავტობუსის ტიპის ე.წ. დაკავების მანქანაში, როგორც დაკავებულთა უმეტესობა - არამედ პიკაპის ტიპის ავტომობილებში. გიორგის უნიღბო პოლიციელები დახვდნენ, რომლებსაც აღარ უცემიათ. ისინი ჯერ სამმართველოში მის დამკავებელ პოლიციელებად გაფორმდნენ, შემდეგ კი სასამართლოში ამტკიცებდნენ მოწმის სტატუსით, რომ გიორგი დაკავებისას იყო აგრესიული, არ ემორჩილებოდა პოლიციას და იძახდა სალანძღავ სიტყვებს.

გიორგი ბაგრატიონი სახლში დაბრუნების შემდეგ

„ვინც ჩემი დაკავების ოქმი შეადგინა, აზრზე არ იყო არაფრის, რა უნდა გაეკეთებინა, როგორ უნდა გაეკეთებინა. იქ დაგვხვდა დეტექტივი, ის კარნახობდა, აგერ არის სხვა დაკავებულის ოქმი და ეს გადაწერეო. ზუსტად გადაწერა, რაც იქ ეწერა, რომ დაზიანებები მივიღე დაკავებამდე, არ დავემორჩილე პოლიციელებს და ა.შ. ეს ოქმი რო გადაწერა, ვითხოვე, მანახე რა დაწერე-თქო. იქ ეწერა, რომ იყო მოწმე იმის, როგორი აგრესიული ვიყავი. მერე ვკითხე, იქ საერთოდ არ იყავი, როგორ ხარ მოწმე-თქო და მიმტკიცებდა, როგორ არ ვიყავი, მე ვარ ის ნიღბიანი, ვინც დაგაკავაო. რაღაც დაზეპირებული სცენარები აქვთ და რაც არ უნდა კითხო, იმას ამბობენ. ვოთსაფის რაღაც ჩათი აქვთ, სადაც ვიღაც იურისტი კარნახობს, რა უნდა ქნან. 9-ჯერ დაურეკა, სანამ ჩემ საბუთებს ავსებდნენ. მე არც ამ ოქმზე და არც სხვა დოკუმენტზე ხელი არ მომიწერია“.

გიორგის მიღებული გამოცდილება პოლიციელებთან სამმართველოში, დიდწილად ჰგავს სხვა დაკავებულების გამოცდილებას. მასაც დარჩა შთაბეჭდილება, რომ სამმართველოში მყოფები „კარგი პოლიციელის“ როლს თამაშობდნენ. გიორგიმ სამმართველოში რამდენიმე საათი გაატარა, დილის ათ საათზე ის ზაჰესის იზოლატორში გადაიყვანეს. იზოლატორში ერთი დღე გაატარა და მეორე დღის დილის 11 საათზე უკვე სასამართლოში იყო, რომლის სარდაფშიც დილის 5 საათამდე ელოდებოდა თავისი საქმის განხილვას. 5 საათზე სხდომა სულ 5 წუთით გაიხსნა, რათა მოსამართლეს ეთქვა, რომ სასამართლო დღის 12 საათისთვის გადაიდო. ახალგაზრდა კაცი სახლში კი წავიდა, მაგრამ დაძინება ვერ შეძლო და რამდენიმე საათში უკან დაბრუნდა, საქალაქო სასამართლოში - მოსამართლე მასთან ერთად კიდევ 8 დაკავებულის საქმეს განიხილავდა.

„სადისტები არიან მოსამართლეც, პოლიციელებიც. ზვიად ცეკვავა იყო ჩემი მოსამართლე - ადვოკატები ამბობდნენ, რაც კი საქმე შევიდა აქციაზე დაკავებულების, ერთიც კი არ აქვს გამართლებით დასრულებული; არაფერს აზრი არ ქონდა იმ სასამართლოზე - არც იმას, რა მტკიცებულებები გქონდა, არც იმას, ვინ იყო შენი ადვოკატი. ჩემთან ერთად ბიჭი გაასამართლეს, მოწმე ჰყავდა მოყვანილი სასამართლოზე, რომელიც ამბობდა, უბრალოდ ვიდექი ამასთან ერთად, როცა შეათრიესო, ვიდეოებიც ქონდათ მტკიცებულებებად მოტანილი, არაფერს აზრი არ ქონდა. სხდომა გაგრძელდა 9 საათი, შუადღის 12-დან საღამოს 10 საათამდე, არცერთი დაკავებული არ გაუმართლებიათ და არცერთ მტკიცებულებას აზრი არ ქონდა. უნდოდათ გვეღიარებინა, თითქოს ქვები გვედო ჯიბეში.

ჩემთვის [სასამართლომდე პოლიციას] არ დაუწყიათ იმაზე ლაპარაკი, იმ აქციაზე რა მინდოდა, მაგრამ გვერდზე ოთახებში ვინც ყავდათ, მესმოდა - ზოგს აგინებდნენ, ზოგის იმაში დარწმუნებას ცდილობდნენ, რომ მეორედ არ წასულიყვნენ აქციაზე. მე თავიდანვე ნათელი გავხადე, რომ მაგათთან კამათს არ ვაპირებდი, არანაირ პოლემიკაში არ შევსულვარ - თუ რაიმეს უზრდელურად მეუბნებოდნენ, ვეუბნებოდი, თუ გინდა ნორმალურად დაგელაპარაკო, ეგრე ნუ მელაპარაკები. ზოგადად, უნიღბოები მაინც უფრო ფრთხილობენ“, - ამბობს გიორგი. ის მოსამართლე ზვიად ცეკვავამ კანონდამრღვევად ცნო და 2300 ლარით დააჯარიმა. გიორგის, რომელიც დროებით უმუშევარია, მსხვილ ფულად ჯარიმას კიდევ რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ერჩია - ის იძულებული გახდა, ჯარიმის გადასახდელად ამ მიზნით შექმნილი ერთ-ერთი ფონდისთვის ეთხოვა დახმარება.

მოსამართლე ზვიად ცეკვავა 2024 წელს სამი წლის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა მოსამართლედ. მანამდე იყო მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლედ დანიშვნიდან რამდენიმე თვეში, ის სანქცირებული მოსამართლეების სიაში აღმოჩნდა. მოსამართლეებს, რომლებიც დემონსტრანტების საქმეებს განიხილავენ, ესტონეთმა 16 დეკემბერს სანქციები დაუწესა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად.

სელფი გადაღებულია 30 ნოემბერს ე.წ. აბეზიანკაში, ანუ სასამართლოსწინა მოსაცდელ საკანში - გიორგისთან ერთად მყოფი ყველა ადამიანი აქციებზეა დაკავებული, მათი ნაწილი მასზე სასტიკად არის ნაცემი.

„მიზეზი დაშინება იყო, მარა მე ვინც ვნახე იქ, დაშინებული არავინ იყო - ვისთან ერთადაც ვიყავი, სასამართლოს მერე წავიდნენ სახლში, გამოიცვალეს და მოვიდნენ“, - ამბობს გიორგი და თან აღნიშნავს, რომ ამ დაკავებამ მას ცუდ გამოცდილებასთან ერთად შესანიშნავ ახალ ადამიანებთან ნაცნობობაც მოუტანა.

28 ნოემბრის შემდეგ პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა 64% არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს, 44%-ს ხილული დაზიანებები აქვს - ეს ომბუდსმენის დათვლილი სტატისტიკაა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით კი, პროევროპულ აქციებზე დაკავებული 400-მდე ადამიანიდან 100-ზე მეტს დასჭირდა ექიმების დახმარება.

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

„ვისაც არ დაეზარა, მუშტებს და წიხლებს მირტყამდა,15-20 წუთს გრძელდებოდა ეს ცემა“ - აქციაზე დაკავებული პროგრამისტი
„აბჯრიანმა რობოკოპმა მითხრა, ერთი-ერთზე ვიჩხუბოთ, ხმას რო არ იღებ, რომ გცემენ, ვითომ მაგარი ბიჭი ხარო?“
მესმოდა „თავში ურტყით!“, „მოკალით!“ - როგორ სცემეს აქციაზე მეღვინე ძმებს
„დეტექტივი კარნახობდა, აგერ არის სხვა ოქმი და ეს გადაწერეო“ - გიორგი ბაგრატიონი აქციაზე დაკავების ამბავს ჰყვება
გაუპატიურების მუქარა აქციაზე ყოფნის გამო - 26 წლის ქალი საკუთარ გამოცდილებას ჰყვება
„შემიყვანეს ექიმის ოთახში, სადაც კამერები არ არის. მითხრეს გაიხადეო. გავიხადე. ტრუსიკი ჩაიწიეო. ჩავიწიე. მერე ჩაიკუზეო. ჩავიკუზე“.
19 წლის ნიკას დაკავების ორი ვერსია - რა ქნეს რუსთაველზე და რა თქვეს სასამართლოზე პოლიციელებმა
"ძალადობა" მათთან ერთად, ვისაც არასდროს შეხვედრიხარ - მძიმე ბრალდებები და არაადამიანური მოპყრობა რევაზ კიკნაძის საქმეში
"ნახევარი თმა დამცვივდა პოლიციელის მაგიდაზე " - თორნიკე ჭელიძე დაკავების და 7-დღიანი პატიმრობის ამბავს იხსენებს
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი