კონკრეტული ქმედებისკენ მოწოდება ახალ არჩევნებს ნიშნავს - პრეზიდენტი ეუთო/ოდირის დასკვნაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ კონკრეტული ქმედებისკენ მოწოდება ახალ არჩევნებს ნიშნავს.

"კონკრეტული ქმედებისკენ მოწოდება ნიშნავს ახალ არჩევნებს. ეს არის დემოკრატიული გამოსავალი, რადგან ღრმა კრიზისში ჩააგდო საქართველო ამ არჩევნებმა", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე და აზიარებს ეუთო/ოდირის პოსტს, სადაც ნათქვამია, რომ ოდირი შეშფოთებულია ამომრჩეველზე განხორციელებული ზეწოლისა და სახელმწიფო ინტიტუტების დამოუკიდებლობის გამო და "კონკრეტული ქმედებისკენ" მოუწოდებს ხელისუფლებას.

ასევე ნახეთ ეუთო/ODIHR-მა საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა

"პრობლემებმა ძირი გამოუთხარა საზოგადოების ნდობას პროცესის მიმართ" - რა თქვა ეუთო/ოდირმა?

ეუთომ და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა დღეს, 20 დეკემბერს გამოაქვეყნა.

თუკი 2020 წლის არჩევნების შესახებ ეუთო წერდა: „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საბოლოო ჯამში, ფუნდამენტური უფლებებისადმი პატივისცემით ჩატარებული“, 2024 წლის არჩევნების შესახებ 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ 53-გვერდიან დასკვნაში წერს:

„მთლიანობაში, საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების მიერ კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში დაწერილი საჩივრების საფუძვლიანი განხილვის არარსებობამ, - ტექნიკური საფუძვლებით ან არასაკმარისი დასაბუთებით საჩივრების უარყოფამ, ასევე, საბოლოო ჯამში, ძირი გამოუთხარა პროცესის სათანადოდ ჩატარებას და მისი ეფექტური გამოსწორების შესაძლებლობას“.

ეუთოს თანახმად, „არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკავშირდება ახლად მიღებული კანონმდებლობის გავლენას ძირითადი თავისუფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებებზე, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესუსტების მცდელობებს და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რაც, საარჩევნო დღის პრაქტიკასთან ერთად, ზოგი ამომრჩევლისთვის შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას ზღუდავდა“.

ODIHR-ის შეფასებით, არჩევნების შემდგომი მოვლენები და საჩივრები არასაკმარისად იქნა განხილული, რამაც შეზღუდა სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობა.

„ჩვენს საბოლოო ანგარიშში აღინიშნა ბევრი პრობლემა, რაც უარყოფითად აისახა ამ არჩევნების მთლიანობაზე და ძირი გამოუთხარა საზოგადოების ნდობას პროცესის მიმართ“, – აღნიშნა ODIHR-ის მისიის ხელმძღვანელმა, ოუენ მერფიმ.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უპასუხოს ყველა აღძრულ პრობლემას და დაიცვას დემოკრატიული პრინციპები“, - განაცხადა მან.

ანგარიშის თანახმად, არჩევნების დღეს დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ხშირი შემთხვევები, პროცედურული შეუსაბამობები და ზეწოლისა და მუქარის შესახებ შეტყობინებები, მათ შორის, პროცესის ვიდეოჩანაწერის გზით, რამაც ნეგატიურად იმოქმედა საზოგადოებრივ ნდობაზე.

ეუთო/ODIHR-ი რეკომენდაციას უწევს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საჩივრების ეფექტური განხილვა, გაზარდოს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და განამტკიცოს საზოგადოებრივი ნდობა პროცესისადმი.