გერმანიაში მანქანა შევარდა საშობაო ბაზრობაზე, ორი ადამიანი დაიღუპა

საილუსტრაციო ფოტო: ტექსტი პლაკატზე: "რატომ?" ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე, მანქანა დაეჯახა გამვლელებს და 13 ადამიანი დაიღუპა. 20 დეკემბერი, 2016.

გერმანიის ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მანქანა შევარდა ხალხში. საქსონია-ანჰალტის ხელისუფლების თანახმად, დაიღუპა ორი ადამიანი და რამდენიმე ათეული დაიჭრა, მათგან ზოგი - მძიმედ. პოლიცია არ გამორიცხავს ტერაქტის ვერსიას. პოლიციის თანახმად, ინციდენტს განზრახ განხორციელებული თავდასხმის კვალიფიკაცია ეძლევა.

Bild-ი წყაროების დაუსახელებლად იუწყება, რომ დაიღუპა 11 ადამიანი და დაიჭრა 80-მდე.

DPA სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მძღოლი დაკავებულია. MDR იტყობინება, რომ, პოლიციის თანახმად, ეს არის 50-მდე წლის მამაკაცი, რომელიც საუდის არაბეთიდანაა.

შეჯახების მომენტი გარე სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

გაფრთხილება: ვიდეოს შინაარსი შეიძლება აგრესიულად ან უსიამოვნოდ ჩათვალოთ.

როგორც T-Online წერს თვითმხილველზე დაყრდნობით, შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანა და ექიმი მივიდა.

Bild-ის ცნობით, პოლიცია საშობაო ბაზრობის შემოზღუდულ ტერიტორიას ამოწმებს და ეძებს ასაფეთქებელ ნივთიერებებს.

ასევე ნახეთ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა