მოსკოვის სასამართლომ "უცხოეთის აგენტების" კანონის დარღვევისთვის დაუსწრებლად დააპატიმრა "მედიაზონის" პროდიუსერი

ტატიანა ფელგენგაუერი. მოსკოვი, 2014წ.

მოსკოვის ნიკულინის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად დააპატიმრა იუტუბის არხ „მედიაზონის“ პროდიუსერი ტატიანა ფელგენგაუერი „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის დარღვევის საქმესთან დაკავშირებით (სისხლის სამართლის კოდექსის 330.1 მუხლის მე-2 ნაწილი). ამის შესახებ მან გამოცემას თავად განუცხადა.

როგორც ნათქვამია გამოძიების შუამდგომლობაში დაუსწრებლად დაკავების თაობაზე, ფელგენგაუერს არაერთხელ წარუდგინეს ბრალი სოციალურ ქსელებში „უცხოეთის აგენტის“ იარლიყის არარსებობის გამო (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 19.34 მუხლის მე-4 ნაწილი).

ასევე ნახეთ როგორ დაემხობა პუტინის „მარადიული“ რეჟიმი?

„შეუძლებელია უფრო ლმობიერი პრევენციული ღონისძიების შერჩევა, რადგან [ფელგენგაუერი] ემალება გამოძიებას და, შესაბამისად, არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ [ის] ამჟამად აგრძელებს დანაშაულებრივ ქმედებებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

„მედიაზონა“ აღნიშნავს, რომ შუამდგომლობაში გამომძიებელი მიუთითებს „თავისუფლების უფლების შეზღუდვის გონივრული აუცილებლობის პრინციპის დაცვაზე“. ის გარანტირებულია ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით, მაგრამ რუსეთმა 2022 წლის სექტემბრიდან შეწყვიტა მის მხარედ ყოფნა.

ფელგენგაუერმა 2022 წლის აგვისტოში დატოვა რუსეთი. იმავე წლის ოქტომბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ იგი შეიყვანა „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში. 2024 წლის სექტემბერში რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფელგენგაუერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „უცხოეთის აგენტის“ მოვალეობების შეუსრულებლობის გამო.

ასევე ნახეთ სახელმწიფო დუმამ "უცხოეთის აგენტებს" ქირით მიღებული შემოსავლის განკარგვაც აუკრძალა