კიევზე სარაკეტო შეტევა იყო

რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს რაკეტებით 20 დეკემბერს, დილით შეუტიეს.

დღეს, 20 დეკემბერს, დილით რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევებმა ხანძრები გამოიწვია ქალაქის ოთხ რაიონში.

კიევის სამხედრო-საქალაქო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. დაზიანებულია სახლები, საოფისე შენობები და გაზსადენი.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგი პოპკოს განცხადებით, საოკუპაციო ძალებმა კიევს სავარაუდოდ, აერობალისტიკური რაკეტებით „კინჟალი“ და ბალისტიკური „ისკანდერით" შეუტიეს.

ასევე ნახეთ ზელენსკიმ პუტინს „სულელი“ უწოდა რაკეტებით „დუელის“ შეთავაზებისთვის

სარაკეტო შეტევამდე, გასული ღამის განმავლობაში კიევსა და კიევის ოლქზე დრონებით თავდასხმა იყო.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონში ხანძარი გაჩნდა რამდენიმე სასაწყობე შენობაში.