ეუთოს 17 ქვეყანა: ვგმობთ "ქართული ოცნების" სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას

პოლიცია თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე

ეუთოს 17-მა ქვეყანამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც დაგმობილია "ქართული ოცნების" მიერ ძალის გამოყენება.

განცხადებაში, რომელიც ნიდერლანდის წარმომადგენელმა წარუდგინა ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს, ვკითხულობთ:

"ჩვენი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება, თუმცა ჩვენ მკაცრად ვგმობთ “ქართული ოცნების” სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც იყენებენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს".

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ქვეყნები: ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ, ნიდერლანდი.

ეუთო (ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) 57 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი საერთაშორისო ორგანიზაციაა და მიზნად ისახავს რეგიონული უსაფრთხოების, კონფლიქტების პრევენციის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობას ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

"შეშფოთებული ვართ, რომ კრიტიკოსების გასაჩუმებლად “ქართული ოცნება” აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკის გამოყენებას, უსამართლო დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის ჩათვლით", - აღნიშნავენ განცხადების ხელმომწერები.

ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აქციებისას დაკავებული დემონსტრანტები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერები.

ასევე ნახეთ "არწმუნებენ, რომ სასტიკი ქცევით იცავენ ქვეყანას გარედან მართული ძალებისგან" - რატომ იქცევა ქართული პოლიცია რუსული ომონის მსგავსად?

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ 19 დეკემბერს სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს.

ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.

პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოში 22-ე დღეა, გრძელდება.

დემონსტრაციებისას პოლიციელებმა არაერთ ადამიანზე იძალადეს როგორც დაკავებისას, ასევე დაკავების შემდეგ.

სცემეს ჟურნალისტებსაც.

სახალხო დამცველი იუწყება, რომ მისმა წარმომადგენლებმა 28 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით კლინიკებსა და იზოლატორებში მოინახულეს 362 ადამიანი. მათგან:

  • 227 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე;
  • 158-ს აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები.
ასევე ნახეთ საქართველოს პროტესტი ყურადღების ცენტრში - რეაქციები დასავლეთიდან, რეაქციები საქართველოში