„ხელოვნების სახლი“ გორის მერიიდან ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს ნაომარ ქალაქზე ინსტალაციას უკავშირებს

გამოფენა „ხელოვნების სახლში“

გორის „ხელოვნების სახლი“ აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მერიას მათთან ხელშეკრულების შეწყვეტა უნდა. კულტურული ცენტრის ხელმძღვანელი ოთო გვრიტიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამ გადაწყვეტილებას მიმდინარე გამოფენას უკავშირებს.

16 ნოემბერს "ხელოვნების სახლის" რეზიდენტებმა გახსნეს გამოფენა, რომელიც აერთიანებდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე გამართული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეების მიერ გამოყენებულ ფრაზებს. მათ შორის იყო: „ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის“.

ბოდიშის მოხდის საკითხი წინასაარჩევნო პერიოდში გააქტიურდა, როცა გორში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩევლებისადმი მიმართვაში 2008 წლის ომზე საუბრისას თქვა, რომ „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

ასევე ნახეთ ივანიშვილის ბოდიში - რას ნიშნავს, ვისკენ მიემართება, რას ცვლის ეს ინიციატივა
ასევე ნახეთ არ მგონია, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოიხადოს რუსეთის შეჭრის გამო - მეთიუ მილერი
ასევე ნახეთ ივანიშვილის მობოდიშების მზაობას მოსკოვი აქებს

„ვუკავშირებთ ჩვენს ინსტალაციას, რომელზეც წერია: „ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ მოიხდის“. მასში იყო 90-იანებიდან დღემდე პროტესტების დროს გამოყენებული ლოზუნგები. 16 ნოემბერს გავხსენით გამოფენა, 21 ნოემბერს კი მოგვწერეს, ხელშეკრულება შევაჩეროთო“, - ამბობს ოთო გვრიტიშვილი.

„ხელოვნების სახლში“ აღნიშნავენ, რომ მათგან უარის მიღების შემდეგ, გორის მერიამ სხვა გზების ძიება დაიწყო 2016 წელს დადებული და რამდენჯერმე განახლებული ხელშეკრულების შესაწყვეტად.

„[მერია] გვთხოვდა ორი თვის წინ განახლებული უზუფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტას აბსურდული მიზეზით, თითქოს მერიას სჭირდება "ხელოვნების სახლის" სივრცე, რადგან „მუნიციპალიტეტს არ გააჩნია სხვა შესაბამისი ქონება“.

ჩვენს საპასუხო წერილში ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარის მიღების შემდეგ, გორის მერიამ მორიგი აბსურდული მიზეზი დაასახელა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად - ელექტროენერგიის განმხოლოება“.

"ხელოვნების სახლის" თანახმად, აპირებდნენ ელექტროენერგიის საკითხის გადაჭრას, თუმცა, როგორც “ენერგო-პროში” უთხრეს, თანხმობა გორის მერიას უნდა მიეცა.

გორის მერიიდან ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს „ხელოვნების სახლი“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად აღიქვამს. ორგანიზაცია უფლებების დასაცავად სამართლებრივ დავას გეგმავს.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა გორის მერიის პრესსამსახურსაც. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.