Reuters: ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში ჩავა

კით კელოგი(მარჯვნივ) დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს აპარატს ხელმძღვანელობდა.

ამერიკელი გადამდგარი გენერალი კით კელოგი იანვრის დასაწყისში ჩავა კიევში და ევროპის კიდევ რამდენიმე დედაქალაქში. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს კით კელოგი წარდგენილი ჰყავს სპეციალურ წარმომადგენლად უკრაინის საკითხებში.

ჯერ კიდევ ტრამპის ინაუგურაციამდე, რომელიც 20 იანვარს გაიმართება, კელოგი კიევის გარდა, ეწვევა პარიზსა და რომს. Reuters-ის წყაროთა თანახმად, ამ ვიზიტების მიზანია არა უკრაინაში ომის დასასრულებლად აქტიური მოლაპარაკებების დაწყება, არამედ ახალი ადმინისტრაციისთვის ინფორმაციის შეგროვება.

ტურნეს ფარგლებში კელოგი არ გეგმავს მოსკოვში ჩასვლას. ამასთან, ვიზიტის გეგმა ჯერ კიდევ შედგენის ეტაპზეა და ძირითადი პუნქტები შესაძლოა, შეიცვალოს.

ასევე ნახეთ ტრამპი: "ვცდილობთ დავასრულოთ საშინელი ომი" უკრაინაში

მედიასაშუალებების ინფორმაციით, 80 წლის გადამდგარი გენერალი კით კელოგი უკრაინაში ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის გეგმის ერთ-ერთი ავტორია. გეგმა ითვალისწინებს ფრონტის ხაზების გაყინვას და მოლაპარაკებების დასაწყებად კიევსა და მოსკოვზე ზეწოლას.

უკრაინის ხელისუფლება კონფლიქტის გაყინვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ასევე ნახეთ როგორი შეიძლება იყოს უკრაინის სამშვიდობო გეგმა?