ვაშაძის განცხადებით, თავდამსხმელს ხელში ეჭირა რკინის წვეტიანი საგანი, რომლითაც ჯერ ზურგზე ქურთუკი დაუზიანა, შემდეგ კი მისთვის ყელის მიდამოში სცადა დაზიანების მიყენება. მისივე თქმით, უცნობ პირს ცივი იარაღი გაქცევამდე ძირს დაუვარდა.
"ვიდექი, ვსაუბრობდი და თავს დამესხა. ჯერ ზურგში დამარტყა, შემდეგ ყელში უნდოდა დარტყმა. ოდნავი დაზიანება მაქვს. წარმოუდგენელია, ვერ გავიგე, რა უნდოდა. მკვლელობა უნდოდა, როცა ამ იარაღს გირტყამს ყელში ადამიანი თუ რა? ვეუბნები [ბიძინა] ივანიშვილს, რომ არაფერი გამოგივათ, ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს", - ამბობს გიორგი ვაშაძე ტელეკომპანია "ფორმულასთან" კომენტარში.
იგი ასევე ფეისბუქზე ავრცელებს ინციდენტის ამსახველ კადრებს, რომლებიც თვითმხილველმა გადაიღო:
მეოცე დღეა, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.