შსს-ს ცნობით, რუსთაველის გამზირზე ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

საპროტესტო აქციაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ შსს-მ ორი პირი დააკავა. 16 დეკემბერი, 2024 წელი

თვითმხილველების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე მყოფ მომიტინგეებს უცნობი პირები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორივე პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

აქტივისტი ნიკა ნარსია, რომელიც ამბობს, რომ ინციდენტს შეესწრო, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ უცნობი პირები მომიტინგეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ხოლო ერთ-ერთ ქალს ხელი ჰკრეს.

მისივე განცხადებით, ისინი სწორედ ის პირები არიან, რომლებიც რამდენიმე საათით ადრე, თბილისის მეტროში მგზავრს დაუპირისპირდნენ.

"იგივე ადამიანები, ვინც მეტროში სცემა ახალგაზრდებს, ამოვიდნენ და როგორც ქალმა თქვა, ხელი მკრაო. შელაპარაკება იყო, ჩანთებს ჩხრეკდნენ, "მაშხალა" ხომ არ გაქვთო. იგინებოდნენ, აგრესიულად იქცეოდნენ. პოლიციამ გააცილა, გაიყვანა აქედან. არავის უნდა პროვოკაციაზე წამოგება აქ, არც წამოეგებიან", - ამბობს ნიკა ნარსია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტის საქმეზე, ორივე პირი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. უწყებაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რომელი მუხლების საფუძველზე აიყვანეს ისინი.

შსს-ში არ ამბობენ, არიან თუ არა დაკავებულები იგივე პირები, რომლებიც რამდენიმე საათით ადრე, თბილისის მეტროში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ.

უწყების ცნობით, მეტროში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

16 დეკემბერს, საღამოს, გამოცემა "მაუწყებელმა" გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ შავებში ჩაცმული უცნობი პირები ვაგონში მყოფ ახალგაზრდას ფიზიკურად უპირისპირდებიან.

ვიდეოს სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:

"შავებში ჩაცმული კაცები თბილისის მეტროში აგინებენ, ემუქრებიან და ძალადობენ თბილისის მეტროში. არც პოლიციაა, არც სამართალდამცავები მოქალაქეების დასაცავად!"

მეთვრამეტე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.