ბრიტანელმა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილი "ქართული ოცნების" წარმომადგენლად მოიხსენია

ფოტოკოლაჟი: მარცხნიდან სტივენ დაუთი და მაკა ბოჭორიშვილი

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთი, სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ სატელეფონო საუბარს და პოსტში მას "ქართული ოცნების" წარმომადგენლად მოიხსენიებს.

“ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან, მაკა ბოჭორიშვილთან, საუბრისას დღეს კიდევ ერთხელ ყველაზე მკაფიოდ გავიმეორე, რომ მიუღებელია პოლიციის მხრიდან ძალადობა და უკანონო და თვითნებური დაკავებები. დიდი ბრიტანეთი განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი", - ნათქვამია სტივენ დაუთის პოსტში.

მაკა ბოჭორიშვილსა და სტივენ დაუთის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. მასში დაუთის პოზიცია ასეა აღწერილი: "გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა გაერთიანებული სამეფოს პოზიცია და წუხილი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით".

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა "გულისტკივილი გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის ითვალისწინებს სტრატეგიული დიალოგის ფორმატის მორიგი რაუნდის გადადებას და ქვეყნისთვის პროგრამული მხარდაჭერის შეჩერებას".

გავრცელებული განცხადების თანახმად, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ "განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება".

ბოჭორიშვილმა ოპოზიციის პოლიტიკური სპეკულაციები უწოდა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიმართ მათ დამოკიდებულებას.

"საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, რა დროსაც კიდევ ერთხელ აღინიშნა აქციების მშვიდობიანად და კანონის დაცვით წარმართვის აუცილებლობა, ქართულმა მხარემ ბრიტანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია აქციების ფარგლებში დაფიქსირებულ კანონდარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შესახებ", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბრისას "ყურადღება გამახვილდა დასავლელი პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან დიალოგის აუცილებლობაზე".

ასევე ნახეთ მაკრონმა ივანიშვილს მოსთხოვა ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება - ელისეს სასახლე

საქართველოს დასავლელ პარტნიორებს, უნგრეთის გარდა, „ქართულ ოცნებისთვის“ არ მიულოცავთ არჩევნებში გამარჯვება და შესაძლო ფალსიფიკაციის გამოძიება მოითხოვეს. გარდა ამისა, ფაქტობრივად შეჩერებულია კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი ტელეფონით ესაუბრა არა პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, არამედ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

ასევე ნახეთ მაკრონი: ქართველებს საშუალება უნდა მიეცეთ, ხელახლა აიღონ ხელში საკუთარი ბედი