ირანის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა რადიო თავისუფლების ყოფილ ჟურნალისტს

რეზა ვალიზადე, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. 2015 წლის, 19 ივნისი.

ირანის სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის (რადიო ფარდას) ყოფილ ჟურნალისტს რეზა ვალიზადეს. იგი დამნაშავედ ცნეს "მტრული ამერიკული მთავრობისთვის" მუშაობაში.

როგორც რადიო ფარდა წერს, სასამართლო პროცესის დროს მოსამართლე ისე იქცეოდა, როგორც პროკურორი. სასჯელის მოხდის შემდეგ, ვალიზადე, რომელსაც ირანულის გარდა, ამერიკის მოქალაქეობაც აქვს, ორი წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ქვეყნის დატოვებას, თეირანსა და მის გარეუბნებში ცხოვრებას და პოლიტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანებას.

რეზა ვალიზადე 10 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურთან, რომელიც 2022 წელს დატოვა. მიმდინარე წლის დასაწყისში ის ირანში ოჯახთან შესახვედრად ჩავიდა და დააკავეს, შემდეგ კი დააპატიმრეს. ამის მიზეზი გახდა მისი უარი ეთანამშრომლა დაზვერვასთან და ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან, რომელიც აშშ-ს ხელისუფლება ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო ვალიზადეს დაკავება და მას უწოდა უსამართლო და საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო ქმედება. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა ირანის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.