პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმურობასაც ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიები და პრეზიდენტი არ ცნობენ, ცვლილებები შეიტანა ადმინისტრაციულ კოდექსში, რომლის მიხედვითაც:
- თუ ერთხელ დაჯარიმების შემდეგ მოქალაქე პლაკატს კვლავ გააკრავს „აკრძალულ სივრცეებში“, მას 500 ლარის ნაცვლად 2000 ლარით დააჯარიმებენ;
- ადმინისტრაციულ შენობებზე (პარლამენტი, სამინისტროები და ა.შ.) წარწერის გაკეთებისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 2000 ლარამდე იზრდება, განმეორების შემთხვევაში 1000 ლარის ნაცვლად 3000 ლარით;
- პიროტექნიკის გაყიდვისთვის აუცილებელი ხდება სპეციალური ლიცენზიის აღება. ნებართვის გარეშე რეალიზაციის შემთხვევაში ჯარიმა 5000 ლარით დაისჯება, გათვალისწინებულია სარეალიზაციო ნივთების ჩამორთმევაც;
- პიროტექნიკის მიყიდვა მათთვის, ვისაც არ აქვს „ფლობის უფლება“, დაისჯება 2000 ლარით; მყიდველი დაჯარიმდება 1000 ლარით;
- გზის გადაკეტვისთვის მოქალაქეს 500 ლარის ნაცვლად 5000 ლარით დააჯარიმებენ. ორგანიზატორისთვის ჯარიმა 5000 ლარიდან 15000 ლარამდე გაიზრდება. ორივე შემთხვევაში გათვალისწინებულია 15 დღემდე პატიმრობა;
- გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ კანონი გაამკაცრა მძღოლებისთვის. თუ ადამიანი ჩართულია გზის გადაკეტვაში, მას 1000 ლარით დააჯარიმებენ და დამატებით მართვის მოწმობას ჩამოართმევენ 1 წლით.
28 ნოემბრიდან თბილისში დაწყებულ ხალხმრავალ აქციებზე დემონსტრანტები აქტიურად იყენებენ პიროტექნიკას და ლაზერებს. აქციის მონაწილეებს პოლიციისგან გაშვებული ცრემლსადენი აირისგან თავის დასაცავად სპეციალური ნიღბები უკეთიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩივის, რომ ამ მიზეზით ვერ პოულობს იმ ადამიანებს, რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენასა თუ ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესების დარღვევას მოედავება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩივილის პასუხად, „ქართულ ოცნებაში“ შეიმუშავეს კანონპროექტი და პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ერთ კვირაში მიიღო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, აქციის მონაწილეებს სახის დაფარვა აეკრძალებათ, აქციებზე პიროტექნიკის გამოყენებისთვის კი დააჯარიმებენ.
ასევე ნახეთ „ოცნების“ 4 ახალი ინიციატივა პროევროპულ დემონსტრაციებსა და პროტესტზე პასუხად28 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე შსს-ის თანამშრომლებმა თბილისსა და სხვა ქალაქებში პროევროპული საპროტესტო აქციების 400-ზე მეტი მონაწილე დააკავეს, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის ბრალდებით. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დემონსტრანტები მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.
დემონსტრაციები არაერთხელ დაარბიეს საპოლიციო ძალებმა, დაშავებულია არაერთი ადამიანი. მათი ნაწილზე პოლიციამ დაკავებისა და განყოფილებაში გადაყვანის დროს იძალადა. შსს იუწყება, რომ აქციის მონაწილეთა ნასროლმა ნივთებმა ათეულობით პოლიციელი დააშავა.
10 დეკემბერს ომბუდსმენმა დაწერა, რომ მისმა თანამშრომლებმა იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 337 ადამიანი; მათგან 225 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, 157-ს კი ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება: