ავტორი: ანა ჯიქურიძე
დღევანდელი თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ყოფა სავსეა სხვადასხვა სახის გამოწვევებით. სიტყვა „ გამოწვევა “ თავისმხრივ მოიცავს, უხეშად თუ ვიტყვით, შიშებს, პოზიტიურ/ნეგატიურ განწყობებს, ბრაზს და ა.შ. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, ალბათ სწორედ ემპათიაა ადამიანის ის უნარი და ერთ-ერთი მთავარი ძალა, რისი მეშვეობითაც არ ვკარგავთ ადამიანობას, ჰუმანურობას, რაციონალურობას, რწმენას, სიყვარულის შეგრძნებას და იმედსაც კი. იმედი ხომ სულ ბოლოს კვდება.
ხშირად გაგვიგონია ალბათ გარშემომყოფებისგან ბრუტალური კრიტიკა ცნობადი სახეების, კოლეგების, მეზობლების, ნათესავების, მეგობრების, უცნობი თუ ნაცნობი ადამიანების. მთავარი კი მხოლოდ ერთია - უპირველესყოვლისა, თითოეული ჩვენგანის გადასაწყვეტია კრიტიკის ობიექტს საიდან შემოვატრიალებთ და მის რომელ მხარეს რა განწყობით/პირადი ინტენციით აღვწერთ. დანარჩენი მეასეხარისხოვანია. თქვენს წინაშე კვლავ გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ უწყინარი ტყუილის თქმაში ყოველდღე ვვარჯიშობ, რადგან ეს არის ის, რაც კვებავს ემპათიის უნარს და თან მალამაზებს გარშემომყოფების თვალში, რაც საბოლოო ჯამში შედეგობრივად მხოლოდ და მხოლოდ ჩემს სოციალურ კაპიტალს ზრდის. ჩემი დაკვირვებით, უწყინარი, რაციონალური და პოზიტიური ტყუილი ყველას უხდება. ეს არის win-win თამაში, როდესაც დაზარალებული მხარე არ არსებობს.
შეიძლება ითქვას, რომ ემპათია და თეთრი ტყუილი მეგობრობენ. ხოლო მისი როლი ჩვენს ყოველდღიურ პატარ-პატარა ბრძოლებში კი ცალკე აღნიშვნის ღირსია, რაზეც შემდეგ აბზაცში ვისაუბრებ.
ემპათია როგორც რაციონალური ბრძოლის ძლევამოსილი იარაღი წარმოადგენს ერთგვარ ლაკმუსის ქაღალდს და გვანიშნებს თუ სად გადის ჩვენი დათმენის ზღვარი. ალბათ ქვეცნობიერად მაშინ ვიძახებთ ემპათიის შეგრძნებას, როდესაც ძალიან ვღიზიანდებით და ჩვენში ჭარბი დოზით იწვევენ ნეგატიურ განწყობებს. ასეთ შინაგან ემოციურ ქაოსში ერთადერთი ნათელი წერტილი ემპათია რჩება, რასაც უნდა ჩავებღაუჭოთ იმისთვის, რომ საკუთარ თავზე კონტროლი არ დავკარგოთ და არ დავემსგავსოთ მათ, ვისგან თავდასაცავადაც ვიყენებთ ამ შეგრძნებას. ის ერთგვარი უხილავი ფარია, რომელიც უპირველეს ყოვლისა მხოლოდ და მხოლოდ თითოეული ჩვენგანის მე-ს იცავს. ვთვლი, რომ ახლანდელ დროში, ყოველი მომდევნო დღე გვთავაზობს მინიმუმ პატარ-პატარა ბრძოლებს, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. მაგალითად, შესაძლოა გვყავდეს ჩვენი სტანდარტებითა და თვალთახედვით უსიამოვნო მეზობელი, ნაცნობი, კოლეგა და ა.შ. მაგრამ არსებული კონიუნქტურიდან გამომდინარე სწორედ ემპათია გვიბიძგებს და „გვაიძულებს“, რომ მოვერგოთ არსებულ მოცემულობას იმგვარად, რომ არ დავაზიანოთ არავინ. ასე მწამს და მჯერა, რომ სწორად ინფორმირებული ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა უპირველეს ყოვლისა მიმართულია იქითკენ, რომ თავიდან აირიდოს და სხვებსაც აარიდოს მორალური ზიანი. ამ ბრძოლაში კი ემპათიაა ის, რაც გამუხრუჭებს და განიშნებს თუ რისი გამკეთებელი არ ხარ.
ასე რომ , ჩემი მოკრძალებული აზრით, ემპათიაა ის, რაც უნდა მოვიძიოთ ჩვენს თავებში და ჩავებღაუჭოთ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარე ძალებს აქვთ მუდმივი ცდუნება და მცდელობა, რომ დაანგრიონ ჩვენი შინაგანი ემოციური/ფსიქოლოგიური კორპუსი.
ამ პატარა ნააზრევს კი შემდეგი სიტყვებით დავამთავრებ: Be Resilient, Be Confident.