ისრაელი თავის ჯარისკაცებს სირიის ტერიტორიაზე, ბუფერულ ზონაში დატოვებს ზამთრის განმავლობაში რამდენიმე თვით. თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის ბრძანებით, მათ სირიაში გამოზამთრებისთვის მზადება უნდა დაიწყონ. ისრაელმა მეზობელ სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ჯარი განათავსა თავის მიერ ადრე დაკავებულ გოლანის მაღლობებსა და სირიას შორის.
კაცის თქმით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰერმონის მთაზე, სირიის მხარეს ჯარის ყოლას უსაფრთხოების პოლიტიკის მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს. სირიის ტერიტორიაზე ისრაელის ჯარის შეყვანას საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა.
გაერომ 50 წლის წინ შექმნა იქ ბუფერული ზონა, სადაც სამშვიდობო ძალები არიან განთავსებული. ამის ფონზე სირიის სამხრეთის ექვსი სოფლის მოსახლეობამ მიმართა ისრაელს თხოვნით, შეიერთოს მათი ტერიტორიები. საქმე ეხება დრუზებით დასახლებულ არეალს.
დრუზები შიშობენ, რომ მათი დევნა დაიწყება, როცა ბაშარ ასადის დამხობის შემდეგ სირიაში ისლამისტები მოვლენ ხელისუფლებაში. ამ სოფლის მცხოვრებთა კრებაზე მათ მიმართეს ისრაელს, დაიკავოს ბუფერული ზონა.
ისრაელმა 1967 წელს დაიკავა გოლანის მაღლობების ნაწილი და შემდგომ მისი ანექსირება მოახდინა, რის შედეგად სირიაში დრუზების ოთხი სოფელი ებრაელთა სახელმწიფოს ნაწილი გახდა. ახლა იქ 24 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
სულ, საკუთრივ ისრაელში, დრუზების თემი 250 ათასს აჭარბებს. ისინი ძირითადად, გალილეაში ბინადრობენ.
ასევე ნახეთ დონალდ ტრამპი: საჭიროა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარება