საჯარო სექტორში დასაქმებულები - „საფრთხე“ მმართველი პარტიისთვის

ავტორი: მარიამ მელქაძე

პრემიერის 28 ნოემბრის განცხადება საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ის ბოლო ზღვარი აღმოჩნდა, რომელმაც მათ მისცა გამბედაობა და ძალა ღიად დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია, როგორც სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებს. აქამდე ბევრი მათგანი აქციებზე და სოციალურ ქსელებში აფიქსირებდნენ საკუთარ აზრს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მთავრობისთვის განსაკუთრებული დარტყმა სწორედ ის განცხადებებია, რომელიც ახლა ჯგუფურად გავრცელდა სხვადასხვა უწყებების თანამშრომელთა მიერ. გაკეთდა როგორც ცალკე ორგანიზაციების, ასევე საჯარო სექტორის თანამშრომელთა საერთო განცხადებაც, სადაც ამ დროისთვის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების 400-ზე მეტი თანამშრომელი აწერს ხელს.

მთავრობას დომინოს ეფექტის შეეშინდა. მერი პირდაპირ საჯაროდ დაემუქრა თავის თანამშრომლებს, პრემიერმა ლუსტრაცია უწოდა პროცესს, რაც, როგორც თვითონ აღნიშნა, „რეაგრირების გარეშე არ დარჩება“, სხვაგან ჩუმად დაემუქრნენ - ერთი-ერთზე. ხელისუფლებამ სულ დაივიწყა, რომ ეს ადამიანები არა პარტიას, არამედ თავის ქვეყანას ემსახურებიან. ეს ყველაფერი კიდევ ერთი, ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად არადემოკრატიული გარემოა ქვეყანაში, სადაც საკუთარი აზრის დაფიქსირების გამო, ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ და სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან.

დღეს საჯარო სექტორის თანამშრომელი რთულ მდგომარეობაშია. მას პირდაპირ ემუქრება პრემიერი, მერი თუ სხვა. ის დილემის წინაშე დგას - აირჩიოს თავისუფლება, ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლა თუ ჩუმად გაუძლოს იმ ბრაზს და აღშფოთებას, რომელიც აწუხებს. ზოგისთვის არჩევანი მარტივი გასაკეთებელია, ზოგიერთს კი ეჭვი იპყრობს, ვაითუ ვერაფერს შეცვლის, ვაითუ ბრძოლას წამოიწყებს და დამარცხდება, ვაითუ ყველაფერს დაკარგავს. ნებისმიერ შემთხვევაში დღეს სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების საჯარო განცხადება ფაქტიურად „All-In”-ია, პიროვნული გმირობაა.

მიუხედავად ძლიერი ზეწოლის და მუქარებისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი საჯარო სექტორის თანამშრომელი ემიჯნება რეჟიმის ძალადობას და შეცვლილ კურსს. ისინი ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, მათ დაკარგეს შიში და ნელ-ნელა თავად ხდებიან „საფრთხე“ ხელისუფლებისთვის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროექტის კოორდინატორმა, იურისტმა თეონა ზაქარაშვილმა გაავრცელა რეკომენდაციები საჯარო სექტორში დასაქმებულებისთავის, რომლებიც მათ უნდა გამოიყენონ თუ სამსახურიდან წასვლას აიძულებენ:

  1. “არ დაწეროთ საკუთარი ნებით განცხადება, ეს მხოლოდ აიოლებს თქვენს გაგდებას;
  2. ასეთი მუქარა როგორმე დაადოკუმენტირეთ, ბევრი ხერხია, თქვენ აარჩიეთ, რომელი გიჯობთ და მოგიხერხდებათ;
  3. მუქარაზე მინიმუმ სახალხო დამცველს მიმართეთ განცხადებით. ნუ, ბევრი სხვა საშუალება არ მუშაობს, სახალხო დამცველის შესაბამისი დეპარტამენტების კარგი თანამშრომლების იმედი მაქვს და ღირს აქ განცხადების გაგზავნა;
  4. დაგვირეკეთ და გვითხარით ამის შესახებ არასამთავრობოებს ( კიდევ უფრო მეტად ინდივიდუალურად დავგეგმავთ, რით დაგეხმაროთ);
  5. თუ გეტყვიან, რომ სამსახურში აღარ გამოცხადდეთ, რადგან გაგიშვეს, მოითხოვეთ გათავისუფლების ბრძანების ჩაბარება. თუ არ გაბარებენ, ჩვეულებრივ გამოცხადდით სამსახურში. ეს სჭირდებათ, გამოუცხადებლობის საბაბით რომ გაგაგდონ ამისათვის;
  6. თუ გათავისუფლების ბრძანება ჩაგბარდათ, მიმართეთ იურისტს ( ჩვენ და სხვა არასამთავრობოებს) და ინდივიდუალურად გადაწყდება, რა სამართლებრივი გზების გამოყენება ჯობს;
  7. ეს ყველა, რაც ზემოთ წერია, მათი მხრიდან უკანონო ქმედებებია, თუმცა საჭიროებს სწორ სამართლებრივ რეაგირებას. ამიტომ ჯობს ვიმოქმედოთ.

მადლობა ყველა თქვენგანს, სწორია ახლა არგაჩუმება“, – წერს თეონა ზაქარაშვილი.