უკრაინის სასამართლომ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს, ვიაჩესლავ ვოლოდინს, დაუსწრებლად მიუსაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ის დამნაშავედ ცნეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფაში, იუწყება უკრაინის უშიშროების სამსახური (სბუ).
სპეცსამსახურის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ვოლოდინი უშუალოდ მონაწილეობდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მომზადებაში. სბუ მას „კრემლის ხელმძღვანელის ნდობით აღჭურვილ პირს“ უწოდებს. სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს ბრალად ედება ის, რომ მან პარლამენტში ჩაატარა კენჭისყრა თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობის აღიარებისთვის და მოგვიანებით მათსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების“ რატიფიცირების ორგანიზება გააკეთა.
„ამჟამად თანამდებობის პირი აგრძელებს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიების დროებით მიტაცების გამართლებას და მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას. ის ამას ხშირად აცხადებს რუსეთის სახელმწიფო დუმის შეხვედრებზე და კრემლის პროპაგანდისტების ეთერში,“ ნათქვამია სბუ-ს განცხადებაში.
ვოლოდინის მიმართ გამოძიებას ატარებდნენ სბუ-სა და ხმელნიცკის რეგიონის რეგიონული პროკურატურის თანამშრომლები.
ასევე ნახეთ ვოლოდინი: "უცხოეთის აგენტები" საკუთარ ანგარიშზე წვდომას შეძლებენ "აგენტის" სტატუსის გაუქმების შემდეგ