განცხადებაში, რომელსაც 500-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, წერია, რომ მმართველი პარტია "ქართლი ოცნება" არ აღიარებს შექმნილ კრიზისს და ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მკაფიო პოზიცია:
- "ვგმობთ "ქართული ოცნების" მიერ ქვეყნის კონსტიტუციურად განსაზღვრული კურსიდან გადახვევას და ხალხის ნების უგულებელყოფას.
- ვემიჯნებით მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობრივ ქმედებას, უკანონო დაკავებასა და წამებას.
- ვგმობთ სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას და რიგ შემთხვევაში სამსახურებრივ მოვალეობაზე - ადამიანის დაცვაზე - უარის თქმას, რაც ხელს უწყობს კრიმინალური დაჯგუფებების წახალისებას.
- ამის გათვალისწინებით, ვგრძნობთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და აუცილებლობას გამოვუცხადოთ სოლიდარობა: ყველა უკანონოდ დაკავებულს. იმ ადამიანებს, ვისაც ფიზიკურად უსწორდებიან, სახლში უვარდებიან, ქუჩაში აკავებენ და სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან. ყველა ჟურნალისტს, რომელიც პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს იქცა ძალადობის მსხვერპლად. ყველა ჩვენს კოლეგას, რომელიც ძალადობისა და დევნის ობიექტი გახდა.
- ვითხოვთ ყველა უკანონოდ დაკავებულის უპირობოდ და დაუყოვნებლივ განთავისუფლებას;
- ვითხოვთ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს”, - ნათქვამია განცხადებაში.
მეთხუთმეტე დღეა, თბილისში საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ, პოლიციამ აქციის ოთხასზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.