„მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე თურმე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე, რაღაც გავაპროტესტე და მით უმეტეს კრიზისის დროს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო ძალიან დიდი გამოწვევები, თითქოს ამ ფონზე დავტოვე მე პარტია. ეს არის აბსურდი. მე ვინც მიცნობს და, მგონი, ყველა კარგად მიცნობს, ეს არ არის ჩემი ხელწერა. მე მაქვს ჩემი წესები, პრინციპები. ამ წესებით ვცხოვრობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და ამ წესებს არასოდეს გადავუხვევ“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მანვე ისაუბრა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, პარტიის დატოვების გამო მასზე თანაგუნდელებმა იძალადეს:
„მე ასევე მინდა გამოვეხმაურო იმ აბსურდულ, ამაზრზენ ტყუილს, რომელიც გააჟღერა ერთ-ერთმა არარაობამ, არ მოვერიდები ამის თქმას, და მოღალატე ბაჩიაშვილმა და მისმა მსგავსმა მოღალატე გახარიამ. იცით რა, მე მეუხერხულება... ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს იმის საჭიროება, რომ ექიმთან მივიდეს, რაც ძალიან მსუბუქი დაზიანება მივიღე ვარჯიშის დროს და ამაზე ამხელა სკანდალი და ამაზრზენი, შეურაცხმყოფელი ტყუილები მოიგონეს. ამიტომ, ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი ტყუილი“.
ამ კომენტარს წინ უსწრებდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ გავრცელებული ცნობები. კერძოდ:
- „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „ამერიკულ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს და რომ „ვრცელდება ცნობები ოლიგარქის გუნდში სავარაუდო ფიზიკური დაპირისპირების შესახებ“.
- 10 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილთან წარსულში დაახლოებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა, - რომელსაც მედია მის „პირად ბანკირს“ უწოდებდა და რომლის წინააღმდეგაც საქმეა აღძრული ბიტკოინებთან დაკავშირებით, - განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „ორ კვირაზე მეტია, არ გამოჩენილა ოფისში“.
„დღეს ხმა გამოვიდა, რომ ტრავმატოლოგიურში იყო სხვადასხვა დაზიანებით. არ ვიცი რას უკავშირდება, მაგრამ საიდუმლოებით მოცული ამბავია“, - უთხრა მან ტელეკომპანია „პირველს“.
11 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის თავმჯდომარის შესახებ განცხადება გაავრცელა. ამ განცხადების თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა „ვარჯიშისას მხარი დაიზიანა“, „მცირე სამედიცინო დახმარება“ დასჭირდა და ამიტომ იმყოფებოდა „ამერიკულ ჰოსპიტალში“.
ასევე ნახეთ „ქართული ოცნება“: ღარიბაშვილმა მხარი ვარჯიშის დროს დაიზიანაღარიბაშვილზე ძალადობისა და პარტიიდან წასვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დროში დაემთხვა საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალ პროტესტს. მეთხუთმეტე დღეა, დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს მის წევრობაზე.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.