IT/TECH სფეროს წარმომადგენლები დედაქალაქში აქციას მართავენ. რამდენიმე ასეული ადამიანი ჯერ პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა, შემდეგ კი მსვლელობა მოაწყო ცენტრალურ ქუჩებზე - რუსთაველის, მელიქიშვილისა და კოსტავას გამზირებზე.
აქციის მონაწილეებს აივნიდან მიესალმა ცნობილი ქართველი ჯაზ-მომღერალი, გიული ჩოხელი.
მეთხუთმეტე დღეა, თბილისში საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.