მისი თქმით, საქართველოს შეუძლია გახდეს ევროპის წარმატებული მრავალპარტიული დემოკრატია, „სხვა არჩევანი არის ავტოკრატია“.
ელჩი ვიდეომიმართვას იწყებს დედაქალაქსა და რეგიონებში მიმდინარე პროევროპულ აქციებზე საუბრით. მისი თქმით, ბოლო ორი კვირაა, ქართველი ხალხი გამოხატავს წინააღმდეგობას „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის შესახებ“.
„შოკირებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც გამოიყენეს პოლიციამ და არაფორმალურმა ჯგუფებმა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. როგორც ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ეს ძალადობა მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, - ამბობს ელჩი გარეტ უორდი.
მან გაიხსენა დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრის, დევიდ ლამის განცხადება, რომ გაერთიანებული სამეფო აჩერებს საქართველოს მთავრობასთან ორმხრივ თანამშრომლობას:
ასევე ნახეთ გაერთიანებული სამეფო: ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ვზღუდავთ თავდაცვაში თანამშრომლობას„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, როგორც საჯარო ადმინისტრაციის რეფორმისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანამშრომლობის სახელმწიფო აპარატის მშვიდობის ფონდის დაფინანსებას. ასევე ვზღუდავთ სამხედრო სფეროში თანამშრომლობას.
მაგალითად, აღარ ვეხმარებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ცენტრის მშენებლობაში. ასევე შევზღუდავთ პოლიტიკურ შეხვედრებს და ურთიერთობას. უორდროპის სტრატეგიულ დიალოგს ვერ განვაახლებთ ამ ვითარებაში“.
მეთხუთმეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ.
„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. სისხლის სამართლის წესით დაკავებულებს რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.