ასადი გაქცევაში რუსეთმა დაარწმუნა და მისი გამგზავრება უზრუნველყო -"ბლუმბერგი"

საარქივო ფოტო. რუსეთის სამხედრო პოლიციის საგუშაგო სირიაში

რუსეთმა დაარწმუნა ბაშარ ასადი გაქცეულიყო სირიიდან მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მის რეჟიმს აღარ შეეძლო შეეჩერებინა ოპოზიციის შეიარაღებული ძალების იერიში.

ამის შესახებ კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით სააგენტო "ბლუმბერგი" წერს. სტატიაში ამტკიცებენ, რომ მას შემდეგ, რაც ასადი დათანხმდა ნებაყოფლობით დაეტოვებინა სირია, მისი გაქცევა რუსეთის სპეცსამსახურმა მოაწყო. ეს მოხდა 8 დეკემბრის ღამით, როდესაც ასადის მოწინააღმდეგეთა ჯგუფებმა დამასკი დაიკავეს. იმავეს დღის საღამოს რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ასადი თავის ოჯახთან ერთად იმყოფება რუსეთში, სადაც თავშესაფარი მიიღო.

Bloomberg-ი სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ოპოზიციის შეტევა ვერ შეჩერდა, რუსეთის წარმომადგენლებმა (სტატიაში არ არის ნათქვამი კონკრეტულად ვინ) შესთავაზეს ასადს, სასწრაფოდ დაეტოვებინა ქვეყანა, რათა თავიდან აეცილებინა ლიბიის გადაყენებული ლიდერის, მუამარ კადაფის ბედი (2011 წელს კადაფი დაიჭირეს და სასტიკად მოკლეს მისმა ოპონენტებმა). ასადი დასთანხმდა. ის დამასკიდან თვითმფრინავით გაიყვანეს რუსეთის ხმეიმიმის ავიაბაზის საშუალებით. ასადის თვითმფრინავის ტრანსპონდერი ბაზასთან მიახლოებისას გამორთეს, რამაც სპეკულაციაც კი წარმოშვა, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

რუსეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ასადი მოსკოვშია. გაქცევის შემდეგ ის საზოგადოებაში არ გამოჩენილა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შემდეგ, იგი დასთანხმდა ძალაუფლების ნებაყოფლობით გადაცემას. სირიის ოპოზიციას ასადთან არანაირი მოლაპარაკება არ გამოუცხადებია.

ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების აზრით, შეიარაღებული ისლამისტური ჯგუფების ელვისებური შეტევა ჩრდილოეთ სირიაში და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის 24-წლიანი ერთპიროვნული მმართველობის 11 დღეში დამხობა, სირიელი დიქტატორის მოკავშირეების, პირველ ყოვლისა, რუსეთის დასუსტების შედეგად გახდა შესაძლებელი.

ასევე ნახეთ სირიის გარდამავალი მთავრობის დროებით პრემიერ-მინისტრად დაინიშნა მოჰამედ ალ-ბაშირი
ასევე ნახეთ ისრაელმა სირიაში 250-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიში
ასევე ნახეთ ასადის დამხობა, "სამართლიანობის ზეიმი", რომელსაც რისკიც ახლავს. მათ შორის, საქართველოსთვისაც?