„ქართული ოცნება“ საკრებულოებში მაჟორიტარების რაოდენობას ზრდის და 2017 წლის მოცემულობას უბრუნდება

ფოტო არქივიდან: თბილისი, თავისუფლების მოედანი

„ქართული ოცნება“ საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობას ამცირებს, მაჟორიტარებისას კი ზრდის. კანონპროექტს პარლამენტი, რომელშიც მხოლოდ სახელისუფლებო პარტია შევიდა, დაჩქარებული წესით განიხილავს.

გასული არჩევნები აჩვენებს, რომ სახელისუფლებო პარტიას, ოპოზიციისგან განსხვავებით, უადვილდება მაჟორიტარული წესით გამარჯვება, პროპორციული წესით მანდატების გადანაწილება კი საკრებულოებში ოპოზიციური პარტიების მოხვედრის შანსებს ზრდის.

მაგალითად, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს მასშტაბით გადასანაწილებელი მაჟორიტარული მანდატების 89,5% „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, როცა პროპორციული წესით მანდატების მხოლოდ 55,6% მიღება შეძლო.

ამ საკანონმდებლო ცვლილებებით პარლამენტი უბრუნდება 2017 წლის მდგომარეობას, რომელიც „შარლ მიშელის შეთანხმების“ გაფორმების შემდეგ შეიცვალა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა გივი მიქანაძემ წლების წინ არსებულ მოდელთან დაბრუნება „ამომრჩეველთა ინტერესებით“ ახსნა.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში:

  • თბილისის საკრებულოში 50 დეპუტატიდან 25 მაჟორიტარი იქნება (ახლა 10-ია);
  • თვითმმართველ ქალაქებში 35 დეპუტატიდან 15 მაჟორიტარი იქნება (ახლა 7-ია);
  • თვითმმართველ თემებში განსხვავებულია დეპუტატებისა და მაჟორიტარების რაოდენობა. მოქმედი კანონით, მაჟორიტარების რაოდენობა 6-დან 15-მდე მერყეობს, პროპორციულად არჩეული დეპუტატების რაოდენობა კი ორჯერ აღემატება მაჟორიტარების რაოდენობას.

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, დოკუმენტი უნდა ამოქმედდეს მიღებისთანავე. კანონპროექტის მიღებას სამი მოსმენა და პლენარულ სხდომაზე სამჯერ კენჭისყრა სჭირდება. თუ დოკუმენტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, ის განსახილველად ისევ პარლამენტს უბრუნდება.

ასევე ნახეთ „ქართული ოცნების“კანონპროექტი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვის ყოლის უფლებას ართმევს
ასევე ნახეთ „ოცნების“ 4 ახალი ინიციატივა პროევროპულ დემონსტრაციებსა და პროტესტზე პასუხად
ასევე ნახეთ „მშობლებსაც დააჯარიმებენ“ ახალი კანონით - როგორ ებრძვის "ოცნება" პიროტექნიკას

პრეზიდენტი, ისევე როგორც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხივე პარტია, არჩევნებს გაყალბებულს, პარლამენტს კი არალეგიტიმურს უწოდებს. პარლამენტში არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ მუშაობს.