უნგრეთი ვეტოს დაადებს „ოცნების“ მაღალჩინოსნების სანქცირების ინიციატივას - საგარეო მინისტრი სიიარტო

საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მაკა ბოჭორიშვილი და პიტერ სიიარტო უნგრეთში შეხვდნენ ერთმანეთს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაძლო ინიციატივას „ქართული ოცნების“ ლიდერებისათვის სანქციების დაწესების თაობაზე.

10 დეკემბერს ბუდაპეშტში ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პიტერ სიიარტომ განაცხადა:

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით საქართველოს თანამდებობის პირების სახელების დამატებას სანქციების ნებისმიერ სიაში. თუკი ასეთი შეთავაზება გაჩნდება, უნგრეთი მას დაბლოკავს. ეს ნამდვილად ასე იქნება“.

მის ამ განცხადებას პლატფორმა X-ზე ავრცელებს უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი საერთაშორისო საკითხებში, ზოლტან კოვაჩსი.

წინა დღით, 9 დეკემბერს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები „საჭიროებს სანქციების დაწესებას ევროკავშირისაგან“.

მან ისაუბრა პერსონალური სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე, რასაც ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის კონსენსუსი სჭირდება და თქვა, რომ იმედოვნებს, წევრ ქვეყნებს დემონსტრანტების მიმართ გამოვლენილ „სისასტიკეზე თვალის დახუჭვა გაუჭირდებათ“.

ელჩმა ჰერჩინსკიმ ასევე თქვა, რომ ეს საკითხები მომდევნო კვირაში გადაწყდება.

ასევე ნახეთ რაც ბოლო 12 დღეა ხდება, ცალსახად საჭიროებს სანქციებს - ევროკავშირის ელჩი

უნგრეთის საგარეო მინისტრმა სიიარტომ 10 დეკემბერს ბრიფინგზე „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნების შედეგებისთვის შეაქო და მას „პატრიოტული, კონსერვატიული მთავრობა“ უწოდა. მან გააკრიტიკა „ლიბერალური მეინსტრიმის მოსალოდნელი პასუხი“ არჩევნების შედეგების მიმართ და განაცხადა, რომ „ოპოზიციას რომ გაემარჯვა, ბრიუსელი ტაშს დაუკრავდა დემოკრატიას“.

მან ასევე დაგმო ევროპარლამენტის ბოლო, 28 ნოემბრის რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, არ აღიარებს მის შედეგებს და მოითხოვს „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებას.

ასევე ნახეთ „ორბანს გაუმარჯოს!“ - რა აკავშირებს საქართველოსა და უნგრეთის პრემიერებს