საქართველოში საპროტესტო აქციებზე რუსეთის 15 მოქალაქე დააკავეს

საქართველოში პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყებიდან, 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით პოლიციამ რუსეთის 15 მოქალაქე დააკავა. შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა რუსეთის ინტერესთა სექციამ ოფიციალური მონაცემები დღეს, 10 დეკემბერს, გამოაქვეყნა ფეისბუკის გვერდზე.

10 დეკემბრის მდგომარეობით, 15 დაკავებულიდან 13 გათავისუფლებულია, ორს კი სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, რომლის ვადა 11 და 13 დეკემბერს ეწურებათ.

იმის გამო, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი აქვს, შუამავალ შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედებს რუსეთის ინტერესთა სექცია.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში 1 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე რაიმე კონკრეტული დეტალის დასახელების გარეშე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე დაკავებული არიან რუსეთის მოქალაქეებიც: „განსაკუთრებული ყურადღებით არის ეს საკითხი გამოსაძიებელი, რა უნდოდათ რუს მოძალადეებს, ასეთ დაჯგუფებას საქართველოში, ვისი კარნახით იყვნენ ჩამოსული და რა ინსტრუქციებს აძლევდნენ ისინი ძალადობრივ დაჯგუფებებს."

ასევე ნახეთ The Insider: თბილისში აქციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე სომხეთში გააძევეს

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ.

პოლიცია საპროტესტო აქციების იმ მონაწილეებს, რომლებსაც ბრალს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში სდებს, როგორც წესი, წვრილმანი ხულიგნობისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით აკავებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, საერთო ჯამში, 400-მდე პირი დააკავეს.

ასევე ნახეთ პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი