ბაიდენის მოწოდებით, ასადს პასუხი უნდა აგებინონ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას სირიის მოვლენებზე ილაპარაკა. ვაშინგტონი. 8 დეკემბერი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ სირიის ჩამოგდებულ პრეზიდენტს, ბაშარ ასადს, პასუხი უნდა მოეთხოვოს.

პოლიტიკურ აჯანყებას სირიაში ბაიდენმა უწოდა „ისტორიულ შესაძლებლობა“ სირიელებისთვის, რათა აღადგინონ თავიანთი ქვეყანა. ისლამისტების მეთაურობით მებრძოლი მეამბოხე ჯგუფების კოალიციის მიერ ასადის დამხობაზე თავის პირველ სრულ გამოსვლაში, ბაიდენმა თქვა, რომ ვაშინგტონი "ფხიზლად დარჩება" ტერორისტული ჯგუფების წარმოშობის წინააღმდეგ და გამოაცხადა, რომ აშშ-ის ჯარებმა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს დაარტყეს.

„რეჟიმის დაცემა სამართლიანობის ფუნდამენტური აქტია, - თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას, - ეს არის ისტორიული შესაძლებლობის მომენტი სირიის მრავალტანჯული ხალხისთვის."

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა ელის ჩამოგდებულ პრეზიდენტს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში გაიქცა, ბაიდენმა უპასუხა, რომ „ასადმა პასუხი უნდა აგოს“.

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ ვაშინგტონი სირიელებს ქვეყნის აღდგენაში დაეხმარება. „ჩვენ ვიმუშავებთ ყველა ჯგუფთან სირიაში, მათ შორის გაეროს ხელმძღვანელობით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ასადის რეჟიმიდან გადასვლა დამოუკიდებელ, სუვერენულ სირიაზე „ახალი კონსტიტუციით“, - თქვა მან.

ბაიდენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ისლამისტური ჯგუფები გამარჯვებულ მეამბოხე ალიანსში ყურადღების ქვეშ უნდა მოექცნენ. ზოგიერთ მეამბოხე ჯგუფს, რომლებმაც ჩამოაგდეს ასადი, აქვს ტერორიზმისა და ადამიანის უფლებების დარღვევის სავალალო ისტორია, თქვა ბაიდენმა.

კრემლის წყარომ რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს განუცხადა, რომ ბაშარ ასადი ახლა მოსკოვში იმყოფება ოჯახთან ერთად.

AFP-ის თანახმად, აშშ-ს არმიას დაახლოებით 900 ჯარისკაცი ჰყავს სირიაში და 2500 - ერაყში, როგორც საერთაშორისო კოალიციის ნაწილი, რომელიც შეიქმნა 2014 წელს.

8 დეკემბერს აშშ-ის ავიაციამ სირიაში დაარტყა „ისლამური სახელმწიფოს“ 75-მდე ობიექტს. ჯო ბაიდენმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ-ის ხელისუფლება თვლის, რომ ამერიკელი ჟურნალისტი ოსტინ ტაისი, რომელიც 2012 წელს სირიაში გაიტაცეს, ჯერ კიდევ ცოცხალია. ”ჩვენ გვჯერა, რომ ის ცოცხალია”, - თქვა ბაიდენმა, მაგრამ აშშ-ს ჯერ არ დაუდგენია, სად არის ის.

ასევე ნახეთ სირიის დაკარგვა რუსეთისთვის სილის გარტყმა იქნება