ბოლო 11 დღის განმავლობაში და მანამდე თბილისში მიმდინარე აქციების ორგანიზებაში ჩართული ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფის, „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ილია ღლონტი წერს, რომ მუქარის შესახებ ზარი შევიდა მის სატელეფონო ნომერზეც.
„ჩემი სიმ ბარათი დევს ელენეს ტელეფონში და ახლა დაურეკეს თურმე და შემოუთვალეს, რომ ძვლებში დამტვრეულს ამომიტანენ სახლში“, - აცხადებს ღლონტი.
აგინეს და ცემით დაემუქრნენ აქციების ერთ-ერთ აქტიურ მონაწილესა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, ვანო გომურაშვილსაც.
„დარეკეს და მკითხეს, სად ხარ ბიჭოო. შემდეგ გადავიდნენ შეურაცხყოფაზე და მითხრეს, რომ აუცილებლად მომაგნებდა და მცემდა. შემდეგ გათიშა. დამირეკეს მეორე ნომრიდანაც. იქიდანაც წამოვიდა შეურაცხმყოფელი სიტყვები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვანო გომურაშვილმა.
უცხო სატელეფონო ნომრებიდან დარეკეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის ტელეფონზეც. მან უცნობ პირებს ტელეფონზე არ უპასუხა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პროევროპული აქციების მონაწილეებს უცნობი პირები ურეკავენ და ემუქრებიან. ასე მოხდა 2024 წლის მაისშიც, როცა ათასობით ადამიანი „აგენტების კანონის“ მიღებას აპროტესტებდა ქუჩაში.
მაშინ საქმის შესწავლა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაიწყო და პროკურატურას გადაუგზავნა გამოსაძიებლად. ამ დრომდე არ არის ცნობილი, რა დაადგინა პროკურატურამ.
ასევე ნახეთ უცხო ნომრებიდან შემოსული ზარების საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 70-მდე განცხადება მიიღოოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი მაშინ ამ მუქარებში ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ რომ არა სახელმწიფო უწყებებში დაცული პერსონალური მონაცემები, პერსონალური მონაცემები სხვა პირებისთვის ხელმისაწვდომი ვერ გახდებოდა.