ტელეკომპანიის თანამშრომელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე „ინგოროყვას კლინიკის“ ნევროლოგია / ინსულტის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინი ხარაიშვილმა ისუბრა მედიასთან. მისი თქმით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
- „მაკას [ჩიხლაძეს] აღენიშნებოდა თავბრუსხვევა, ასევე მარცხენა თვალის არეში კონიქტიური სისხლჩაქცევა. საბედნიეროდ, თვალის კაკლების მოძრაობა შენახულია, მხედველობის სიმახვილე არ არის დაქვეითებული. ამ მომენტისთვის, თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად. თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიით მას ძვლოვანი სტრუქტურების დაზიანება არ აღენიშნება. აქვს მუხლის დაჟეჟილობა“;
- „რაც შეეხება გიორგის [შეწირულს]. მას აღენიშნებოდა კეფის არეში დაახლოებით 2-სანტიმეტრიანი სისხლმდენი ჭრილობა, რომელიც დამუშავდა და გაიკერა. მას კლინიკაში შემოსვლისას აღენიშნებოდა - თავბრუსხვევა, გულისრევა, თავისტკივილი. შესაბამისად, მოთავსდა თავის ტვინის შერყევით ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში, მას სხეულის და თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. საბედნიეროდ, ტრავმული დაზიანება გამოირიცხა“.
ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს შავებში ჩაცმული, ნიღბიანი უცნობი პირები 7 დეკემბერს, ღამით დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ თბილისის ცენტრში, პარლამენტიდან რამდენიმე მეტრში, ბესიკის ქუჩაზე.
თავდასხმის ამსხველ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ რამდენიმე შენიღბული პირი გიორგი შეწირულს ძირს აგდებს თავში წიხლებს ურტყამს. ამ დროს ისმის ხმა:
„კაი, ვსიო, წამო... ვსიო, ეყოფა!“
თავდასხის დროს ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობდნენ. როგორც მაკა ჩიხლაძე ჰყვება, გადამღები ჯგუფი ბესიკის ქუჩაზე სამუშაოდ მას შემდეგ ავიდა, რაც მათ შეიტყვეს, რომ ამ ტერიტორიაზე უცნობი პირები ადამიანებს არ აძლევდნენ აქციაზე ჩასვლის საშუალებას.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.
ჟურნალისტებზე თავდასხმის პარალელურად, შავნიღბიანი უცხო პირები ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისს. ფიზიკურად გაუსწორდნენ კოალიციის წევრს, კობა ხაბაზსა და კიდევ ორ პირს.
მალევე, ბესიკის ქუჩის მიდამოებში გაუსწორდნენ ფიზიკურად შავნიღბიანი პირები მსახიობ გიორგი მახარაძეს. მან თქვა, რომ თავდასხმის ფაქტს შეესწრნენ პოლიციელებიც, თუმცა, მის დასახმარებლად არაფერი გაუკეთებიათ.
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოეხმაურა ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელმაც თქვა, რომ "99%-იანი შანსია, ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე".
ასევე ნახეთ "99%-იანი შანსია, ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე" - მდინარაძე ტვ პირველის ჟურნალისტებზე თავდასხმაზე