მეგობრების ინფორმაციით, დაკავებულია ჟურნალისტი ნიკა კაცია

ნიკა კაცია

ჟურნალისტ ნიკა კაციას დაკავების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ მისი მეგობრები. როგორც მეგობარი მაგდა ვასაძე უყვება რადიო თავისუფლებას, ნიკა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციაზე წავიდა, სახლი, რომელშიც დედა იმყოფებოდა გარედან ჩაკეტა, გარკვეული დროის შემდეგ კი დედის ზარებს აღარ პასუხობდა.

მისი მოძებნა მეგობრებმაც სცადეს, თუმცა ნიკამ არც მათ სატელეფონო ზარებს უპასუხა. ცოტა ხანში მაგდა ვასაძეს დაუკავშირდა ნიკას დედა, რომელმაც უთხრა, რომ მათ სახლთან მისულები არიან პოლიციელები და ბინაში შესვლას მოითხოვენ. იქვე გაირკვა, რომ მათ თან ჰქონდათ სახლის გასაღები, რომელიც გატეხილია. პოლიციელებმა დედს ასევე უთხრეს, რომ ნიკა კაცია კრიმინალურმა პოლიციამ დააკავა.

ნიკას დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი ნაცემია და გასაღებიც ასე გატყდა.

მეგობრები უფლებადამცველების მეშვეობით ცდილობენ მისი ადგილსამყოფლის დადგენას.

"ნიკა არის საქართველოზე შეყვარებული ადამიანი, ის ყოველთვის სიმართლის მხარესაა და ახლაც ასე იყო", - ეუბნება მაგდა ვასაძე რადიო თავისუფლებას.

7-8 დეკემბერს საღამოს და ღამით, მეგობრებმა რამდენიმე ადამიანის დაკავების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.

7 დეკემბერს საღამოს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს 25 წლის საბა ციმინტია.

ასევე ნახეთ საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს 25 წლის საბა ციმინტია, ის მეგობრის სასამართლო სხდომაზე იყო მისული

ის მეგობრის სასამართლო სხდომაზე იყო მისული.

მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ცნობა 18 წლის აქტივისტის სანდრო ქინქლაძის დაკავებაზე.

ასევე ნახეთ აქტივისტი სანდრო ქინქლაძე დააკავეს, ინფორმაციას მეგობარი ავრცელებს

მეათე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

აქციების მეცხრე ღამეს საპოლიციო ძალებმა კვლავ ძველ ხერხს მიმართეს. თუკი მეშვიდე და მერვე ღამეს, რუსთაველის გამზირზე არ გამოჩენილა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა, მეცხრე ღამეს, დემონსტრანტების დასაშლელად ისევ გამოიყვანეს განსაკუთრებული დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წყლის ჭავლის მანქანა და ცრემლსადენი აირი.

რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 28 პირი.

რუსთაველის გამზირზე გამართული პროევროპული აქციებიდან 9 დღის თავზე, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით 386 პირია დაკავებული.