შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს განცხადებით, დაკავებულია 1995 წელს დაბადებული ი.ქ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული ს.კ.
შსს წერს, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს „ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ".
რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 28 პირი.
ცხრა ღამეა თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება.
მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.
„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
აქციების მეცხრე ღამეს საპოლიციო ძალებმა კვლავ ძველ ხერხს მიმართეს. თუკი მეშვიდე და მერვე ღამეს, რუსთაველის გამზირზე არ გამოჩენილა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა, მეცხრე ღამეს, დემონსტრანტების დასაშლელად ისევ გამოიყვანეს განსაკუთრებული დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წყლის ჭავლის მანქანა და ცრემლსადენი აირი.