რუსთაველის გამზირზე, აქციის დაშლისას დაკავებული ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ბექა ყორშია, სამართალდამცავებმა გამთენიისას გადაიყვანეს ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში.
ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი არხი” ავრცელებს.
მათი ცნობით, ბექა ყორშია ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ ბექა ყორშია იმ დროს დააკავეს, როცა ის სხვას ეხმარებოდა.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გადაჰყავთ ბექა ყორშია ზაჰესის იზოლატორში. ვიდეოკადრებში ისმის კითხვები ბექა ყორშიას მისამართით:
- კარგად ხარ? რაზეც ის პასუხობს - კი, კარგად ვარ.
- ხომ არ დაგარტყეს?
ამ კითხვაზე ბექა ყორშია ხელს იქნევს უარყოფის ნიშნად.
ბექა ყორშია ჯერ არ შეხვედრია ადვოკატს.
ბექა ყორშიას დაკავებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება "მთავარი არხი":
დღეს გამთენიისას საპროტესტო აქციაზე გაიტაცეს და დააკავეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია.
"მთავარი არხის" გუნდი დიდი ხანია არის "ქართული ოცნების" ანგარიშსწორების სამიზნე. მიმდინარე პერიოდში განსაკუთრებულად გაზრდილია აგრესია მედიის მიმართ და ღიად, დემონსტრაციული მეთოდებით ხდება ჟურნალისტებზე თავდასხმა. ეგრეთწოდებული სამართალდამცავი ორგანოები მიზანმიმართულად აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მედიის წარმომადგენლებს და ხელს უშლიან პროფესიულ საქმიანობაში.
მოვუწოდებთ ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს "მთავარი არხის" ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია და გამოიძიოს მისი უკანონო დაკავების ფაქტი", - წერია განცხადებაში.
ცხრა ღამეა თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება.
მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.
„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
აქციების მეცხრე ღამეს საპოლიციო ძალებმა კვლავ ძველ ხერხს მიმართეს. თუკი მეშვიდე და მერვე ღამეს, რუსთაველის გამზირზე არ გამოჩენილა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა, მეცხრე ღამეს, დემონსტრანტების დასაშლელად ისევ გამოიყვანეს განსაკუთრებული დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წყლის ჭავლის მანქანა და ცრემლსადენი აირი.
6 დეკემბრის მონაცემებით, პროევროპულ აქციებზე, რვა დღის განმავლობაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულია 338 პირი.
სპეცრაზმის თანამშრომლებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს 7 დეკემბრის ღამესაც. მათი ზუსტი რაოდენობის შესახებ შსს-ს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი