აქციაზე არაერთი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ცოტნე კობერიძე, საკრებულოს წევრი

ცოტნე კობერიძე და სხვა დემონსტრანტები დააკავეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო დემონსტრაციების მე-9 ღამეს სპეცრაზმმა კვლავ დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა. დააკავეს არაერთი ადამიანი - მათი რაოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

დაკავებულთა შორისაა ცოტნე კობერიძე, თბილისის საკრებულოს წევრი ოპოზიციური პარტიიდან „გირჩი - მეტი თავისუფლებიდან“.

იგი გვიან ღამით გაათავისუფლეს.

დააკავეს ასევე ახალგაზრდა ქალი, რომელიც კორდონის წინ რამდენიმე წუთის განმავლობაში იდგა.

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა დაახლოებით 00:30-ზე დაიწყო.

თავისუფლების მოედანზე განლაგებული სპეცრაზმელები, სპეცტექნიკის თანხლებით დაიძრნენ.

ამჟამად კვლავ ისმის გამაფრთხილებელი შეტყობინებაც, რომელიც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებს.

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისგან ათავისუფლებს რუსთაველის გამზირს. დემონსტრანტებმა „ცისფერი გალერეისკენ“ გადაინაცვლეს, თუმცა არ იშლებიან.