რუსეთის ჯარი თავს დაესხა ზაპოროჟიეს, დაიღუპა 9 ადამიანი

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დამწვარი ავტოპარკი ზაპოროჟიეში. 6 დეკემბერი, 2024

სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა ზაპოროჟიეზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად. ამ იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილების ტექნიკური მომსახურების პუნქტს, რამდენიმე დასახლებულ პუნქტს პრობლემა შეექმნა ელექტრომომარაგების მხრივ.
ზაპოროჟიეს სამხედრო-ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფიოდოროვმა ტელეგრამის არხის საშუალებით გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, ხდება მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების ევაკუაცია.

დღესვე რუსეთის არმია თავს დაესხა კრივოი როგს, სადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 17 - დაიჭრა.

უცნობია, თუ რა იარაღი გამოიყენა რუსეთმა 6 დეკემბრის მასობრივი იერიშების დროს. რუსეთის არმია ხშირად ბომბავს უკრაინის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს ავიაციის, სარაკეტო სისტემებისა და დრონების საშუალებით, რაზეც კრემლი არავითარ კომენტარს არ აკეთებს.

ასევე ნახეთ რუსეთმა უკრაინაზე მასირებული შეტევისას 180-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენა