იმ ორ სოფელში, სადაც ჩვენ რეპორტაჟის გასაკეთებლად ჩავედით, აკაურთასა და ხატისოფელში, მმართველმა პარტიამ აიღო ხმების 95,148% და - 78.155%.
სრული სურათი რომ წარმოიდგინოთ, აკაურთაში სულ დარეგისტრირებული იყო 855 ამომრჩეველი. არჩევნებზე მივიდა 378 და „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა 353-მა ადამიანმა.
ხატისოფელში კი ერთიან საარჩევნო სიაში იყო 308 ადამიანი.არჩევნებზე მივიდა 206 და „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა 161-მა ამომრჩეველმა.
ორივე სოფელს წლებია აქვს ერთნაირი, გადაუჭრელი პრობლემები - არა აქვთ წყალი, უმრავლესობა დაუსაქმებელია. უმუშევრობის გამო, ხალხი სოფელს გამუდმებით ტოვებს. აქვთ დაბალი შემოსავალი - როგორც წესი, ბევრისთვის ეს მხოლოდ პენსიაა. ზოგი მოუწესრიგებელ გზებზე ჩივის, ზოგი კი ამბობს, რომ ბოლო დროს ვითარება გამოსწორდა - მაგალითად, გარე განათება დაუყენეს.
ვიდეოკამერის წინ ხალხს პრობლემებზე ლაპარაკობს, მაგრამ თან ამბობს, რომ მმართველი პარტიის მაინც მადლიერია. რომ ხმა „ოცნებას“ მისცეს, რადგან ახლა „მთავარია, მშვიდობა იყოს და ომი არ დაიწყოს“. უმრავლესობა ზედმიწევნით იმეორებს იმას, რაც გამუდმებით ისმის მმართველი პარტიის წევრებისგან. თუმცა, შეგვხვდნენ ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ „მარტო გზამ შუქი და წყალი“ არ არის სამშობლო და ქვეყნის კეთილდღეობა. რომ დღეს ქვეყანას, რუსეთის სახით, გაცილებით დიდი საფრთხე ელის.
ვიდეო კამერის გამორთვის შემდეგ, ფრთხილად, მაგრამ მაინც გვიზიარებდნენ ადამიანები თავიანთ ნამდვილ სატკივარს, მაგრამ თან ამატებდნენ, რომ მათ, ამის გამო, შესაძლოა, პრობლემა შეჰქმნოდათ და ღია ინტერვიუებზე უარს ამბობდნენ - „ერთი სოფელია, თქვენ წახვალთ, ჩვენ აქ დავრჩებით“, - გვითხრა ერთ-ერთმა ქალმა.
სოფელი, რომელშიც „ოცნებამ“ ხმების 95% მიიღო
Your browser doesn’t support HTML5
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბოლნისშიც და მის სოფლებშიც, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“.