პროკურატურა შუამდგომლობის საფუძვლად, დაკავებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს ასახელებდა.
სხვიტარიძეს 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 28 იანვარს გაიმართება.
პროცესზე საბა სხვიტარიძემ განაცხადა, რომ იგი გაიტაცეს და აწამეს. მისივე სიტყვებით, დაკავებისას პოლიციელმა არც კი განუმარტა, რაზე აკავებდნენ, ისე გადასცეს მისთვის გაურკვეველ ოპერატიულ ჯგუფს გორის ტერიტორიაზე.
"დიღომში მიმიყვანეს კაპეზეზე და გადამცეს 4 ნიღბიანს და მცემეს. შემამოწმეს და შემდეგ სხვადასხვა ნივთებით ხდებოდა ჩემზე ძალადობა სხვა ნიღბიანების მიერ, ხე გადამამტვრიეს", - ჰყვება სხვიტარიძე.
სასამართლო პროცესზე პროკურორი ირწმუნებოდა, რომ საბა სხვიტარიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს და დაუზიანა ჯანმრთელობა. მისი თქმით, საბამ თავში ჩაარტყა გარკვეული ნივთი, რის შემდეგაც პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის ცნობით, ბრალდების მხარეს მხოლოდ 29-წამიანი ვიდეო ჰქონდა წარდგენილი. მისი თქმით, დაპირისპირება ნიღბიანმა ადამიანებმა დაიწყეს და სწორედ ისინი პროვოცირებდნენ.
"არ ჰქონდათ მათ არანაირი ნიშანი და არც განუმარტავთ, რომ პოლიციელები არიან. კითხვაზე, თუ ვინ არიან, მათ პასუხი ვერ გასცეს. გაურკვეველი პოლიციელები, ნიღბიანები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ბრალდებულს", - ამბობდა ჩომახაშვილი.
ასევე ნახეთ აქციებზე დაკავებულ რვა ადამიანს პატიმრობა შეუფარდესდღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციებზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ რვა ადამიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.
პროკურატურას მათი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით გასამართლება უნდა. ადვოკატები ამბობენ, რომ დაკავებულები უდანაშაულოები არიან და საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათ შეთანხმებულ მოქმედებას.
მეცხრე დღეა საქართველოში არ წყდება პროტესტი პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გამო. სახელისუფლებო პარტიაში გადაწყვიტეს, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი იკრიბება ყოველ საღამოს დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ აქციები ძალადობრივ სახეს იძენს ხოლმე და ამ მიზეზით მოქალაქეებს წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი აირით შლიან.
დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც. შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს დაშავებული პოლიციელების შესახებ.
თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეთა შორის 26 ადამიანია დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსით.