სირიაში ისლამისტური დაჯგუფებები ქალაქ ჰომსს უახლოვდებიან

სირიელი მეამბოხეები ჰამაში შედიან

სირიაში ანტისამთავრობო ისლამისტური დაჯგუფებები შეტევას განაგრძობენ და, ბოლო ინფორმაციით, ქალაქ ჰომსიდან რამდენიმე კილომეტრში იმყოფებიან. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ამ ქალაქიდან იხსნება გზას დედაქალაქ დამასკისკენ.

ჰომსის შესაძლო დაპყრობა დამასკს მოკვეთს სანაპირო ზონებიდან, მათ შორის ლატაკიიდან და ტარტუსიდან, სადაც რუსული სამხედრო ბაზები მდებარეობს.

წუხელ, რუსულმა ავიაციამ ჰომსის მთავარ მარშრუტზე, M5 გზატკეცილზე, გაანადგურა რუსტანის ხიდი, რათა თავიდან აეცილებინა დაჯგუფების მებრძოლების შემდგომი წინსვლა, განუცხადა Reuters-ს სირიის მთავრობის არმიის ოფიცერმა.

ათასობით ადამიანმა დაიწყო ჰომსიდან სანაპირო ზონებისკენ გაქცევა.

პროთურქული ჯგუფის "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის" (აღიარებულია ტერორისტულ ჯგუფად შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში) ლიდერმა, აბუ მუჰამედ ალ-ჯულანიმ თქვა, რომ ანტისამთავრობო ძალების კოალიციის მიზანს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის დამხობა წარმოადგენს.

"ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის" ხელმძღვანელობით ისლამისტური დაჯგუფებების შეტევა დამასკის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 27 ნოემბერს დაიწყო. გასულ კვირაში იდლიბისა და ალეპოს პროვინციები ანტისამთავრობო ძალების კონტროლის ქვეშ მოექცა.

5 დეკემბერს სირიის არმიამ უკან დაიხია ჰამადან, დიდი ქალაქიდან, რომელიც თითქმის მთელი სამოქალაქო ომის განმავლობაში სირიის მთავრობის კონტროლის ქვეშ იყო.

ასევე ნახეთ ჯიჰადისტებმა დაიკავეს სირიის ქალაქი ჰამა

სირიის სამოქალაქო ომში, რომელიც 2011 წელს დაიწყო, ასიათასობით ადამიანი დაიღუპა. მასშტაბურ ნგრევას მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება მოჰყვა.