აქციებზე დაკავებულ რვა ადამიანს პატიმრობა შეუფარდეს

პროევროპულ აქციებზე დაკავებულ რვა პირს პატიმრობა შეუფარდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და აქციებზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ რვა ადამიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.

პროკურატურას მათი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით გასამართლება უნდა. ადვოკატები ამბობენ, რომ დაკავებულები უდანაშაულო არიან და საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათ შეთანხმებულ მოქმედებას.

მოსამართლის თქმით, მან დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მიიჩნია, რომ ჩადენილია ჯგუფური ძალადობა, ორგანიზება და მასში მონაწილეობა.

  • სამ დაკავებულს (ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს) ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება - მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან;
  • ხუთ დაკავებულს (ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს) ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება - მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

მეცხრე დღეა საქართველოში არ წყდება პროტესტი პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გამო. სახელისუფლებო პარტიაში გადაწყვიტეს, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი იკრიბება ყოველ საღამოს დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ აქციები ძალადობრივ სახეს იძენს ხოლმე და ამ მიზეზით მოქალაქეებს წყლის ჭავლითა და ცრემლმდენი აირით შლიან.

დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც. შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს დაშავებული პოლიციელების შესახებ.

თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეთა შორის 26 ადამიანია დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსით.