ალეკო ელისაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ალეკო ელისაშვილი, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას პროკურატურა "ქართული ოცნების" წევრზე, ალი ბაბაევზე, თავდასხმას ედავება. მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა 3 000-ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე.

ელისაშვილი 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე, ოპოზიციონერების შეხვედრის პარალელურად "ქორთიარდ მერიოტის" მიმდებარედ მომხდარი შელაპარაკებისას დააკავეს მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილთან ერთად. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ელისაშვილი არა ამ ფაქტზე, არამედ ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

ასევე ნახეთ რის გამო დაიჭირეს ალექსანდრე ელისაშვილი - რა ჩანს სათვალთვალო კამერის ჩანაწერზე?

„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ მალევე გაავრცელა ქუჩის სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები, რომლებზეც ელისაშვილისა და ბაბაევის დაპირისპირებაა ასახული.

სასამართლოზე ელისაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ბაბაევმა მას შეურაცხყოფა მიაყენა, ფიზიკური დაპირისპირებისას კი ეცადა ელისაშვილისთვის რკინის ჯოხის ჩარტყმასაც, რასაც, ადვოკატებისვე თქმით, თავად ბაბაევიც ადასტურებს. ელისაშვილი დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ალეკო ელისაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ძალადობის გამოყენებით ჩადენილი დევნა), რომელიც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ელისაშვილს დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

ალეკო ელისაშვილის დაკავებისას უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიებაა დაწყებული.

შემდეგი სასამართლო სხდომა 23 იანვარს, 11:00 საათზე დაინიშნა.