თარჯიმნები მოუწოდებენ ხელისუფლებას, ქვეყანა დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის კურსს

საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ, 28 ნოემბერი, 2024.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასა და დემონსტრანტთა წინააღმდეგ ძალადობას განცხადებით გამოეხმაურნენ საქართველოს თარჯიმნები და მთარგმნელები.

ისინი წერენ, რომ სახელმწიფო არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებებს:

„მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ვემსახურებოდით საქართველოს ევროპულ ღირებულებებთან დაახლოებას უკლებლივ ყველა სფეროში. ჩვენ ხელს ვუწყობდით საქართველოს პარტნიორებთან კომუნიკაციას სამართლის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, თავდაცვის და მრავალ სხვა დარგში.

ბოლო დროინდელი ქმედებებით სახელმწიფო არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებებს: თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას, წამების აკრძალვას, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, გამოხატვის თავისუფლებას..."

თარჯიმნები და მთარგმნელები მოითხოვენ:

„შეწყდეს მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობა; შეწყდეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა და მედიის წარმომადგენლების დევნა; შეწყდეს საჯარო მოხელეებზე ზეწოლა და მუქარა; დაინიშნოს ხელახალი არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით; ქვეყანა დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კონსტიტუციურად განსაზღვრულ კურსს“.

მეცხრე დღეა თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

რუსთაველის გამზირზე, პირველი ექვსი ღამის განმავლობაში, დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლსა და დიდი რაოდენობით ცრემლმდენ აირს.

6 დეკემბრის მონაცემებით, პროევროპულ აქციებზე, რვა დღის განმავლობაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულია 338 პირი.