რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჰელანდი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ინფორმირებული დასავლელი ანალიტიკოსი, ხაზს უსვამს იმ კრიტიკულ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას, განიხილავს „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგებს და დეტალურად აღწერს, რა ნაბიჯებია საჭირო ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის შესანარჩუნებლად.
ნიღბებს ამოფარებული პოლიციელები - ეს, ერთი მხრივ, შიშია, მეორე მხრივ კი, ძალადობისა და დიქტატურის ნამდვილი სახე.
რადიო თავისუფლება: რა დგას დღეს სასწორზე საქართველოსთვის? რა წყდება?
ჰელანდი: პირველ რიგში, ეს არის არჩევანი ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის. ირკვევა, შეგვიძლია თუ არა დღეს საქართველო დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩავთვალოთ. ფართო პერსპექტივაში, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ მიატოვა ის ევროატლანტიკური ბილიკი, რომელზეც ათწლეულების განმავლობაში მიაბიჯებდა. დღეს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ფაქტობრივად განაცხადა, რომ ამ გზის გაგრძელებას აღარ აპირებს. ვნახეთ ამაზე პასუხიც - ხალხმა, თავის დახრის ნაცვლად, მასობრივად მიაშურა ქუჩებს და ამ გადაწყვეტილებას, ამ მთავრობას აპროტესტებენ.
რადიო თავისუფლება: სწორედ ამ საბედისწერო განცხადებაზე - ალბათ, შეიძლება უკვე ასე დავარქვათ - მინდა გკითხოთ. რატომ თქვა ეს კობახიძემ? და რატომ მაინცდამაინც ახლა?
ჰელანდი: ვფიქრობ, ეს იყო დაუფიქრებელი წამოცდომა, შეცდომა. ეს იყო ბავშვური, რეფლექსური რეაქცია „შეურაცხყოფაზე“ ევროპარლამენტის მხრიდან, სადაც უდიდესი უმრავლესობით განაცხადეს, რომ არ ცნობდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობას ლეგიტიმურად და ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. პრემიერმა კი განაცხადა: „აჰ, ასე არა?! მაშინ ჩვენ ასე მოვიქცევით!“ „ოცნებას“ მსგავსი რეაქცია აქამდეც ჰქონია: მაგალითად, როცა დიპლომატიურმა კორპუსმა მთავრობის გახსნის ცერემონიაზე დასწრებაზე უარი განაცხადა, „ოცნებაში“ ამას უპასუხეს ინიციატივით, რომ დიპლომატებს საერთოდ აღარ მოიწვევდნენ.
თუ ეს განცხადება მართლაც წინასწარ იყო დაგეგმილი, მაშინ გამოდის, რომ ვერც საპასუხო რეაქცია შეაფასეს სწორად და დროც კატასტროფულად ცუდად შეარჩიეს.
რადიო თავისუფლება: თქვენ წერთ, რომ ეს იყო იაღლიში - „დაუგეგმავი, ბავშვური განცხადება, რომელიც შეიძლება „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების დაკარგვად დაუჯდეს“. ჰგავს კი ირაკლი კობახიძე ადამიანს, ვინც დაუგეგმავ განცხადებებს აკეთებს, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმება-მწვანე შუქის გარეშე?
ჰელანდი: მართებული შენიშვნაა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თუ ეს განცხადება მართლაც წინასწარ იყო დაგეგმილი, მაშინ გამოდის, რომ ვერც საპასუხო რეაქცია შეაფასეს სწორად და დროც კატასტროფულად ცუდად შეარჩიეს - სწორედ იმ პერიოდში, როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, ისინი გამოვიდნენ ისეთი განცხადებით, რაც ევროკავშირის გზის მიტოვების ტოლფასი იყო. თუ ეს მართლაც დაგეგმილი ნაბიჯი იყო, მაშინ ვიღაცამ ძალიან მაგრად გარისკა და გაურკვეველია, რატომ. ამით ოპოზიცია გამოაცოცხლეს და დასავლეთი კიდევ უფრო გადაიმტერეს - საერთაშორისო საზოგადოება შეძრწუნებული ადევნებს თვალს იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება, როგორ ამცირებენ და ძალადობენ ხელისუფლების ორგანოები საკუთარ მოსახლეობაზე. ეს ცხადყოფს, თუ რამდენად სასოწარკვეთილები არიან „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი. დაკავების შემდეგაც კი, ადამიანებზე სასტიკად და სისტემატურად ძალადობენ. ეს უკვე წამებას უდრის. ნიღბებს ამოფარებული პოლიციელები - ეს, ერთი მხრივ, შიშია, მეორე მხრივ კი, ძალადობისა და დიქტატურის ნამდვილი სახე. დაუსჯელობის ეს სინდრომი, რაც ნიღბების მიღმა იმალება, ვშიშობ, ტრაგედიით დასრულდება.
რადიო თავისუფლება: ანუ, ჰიპოთეზურად თუ ვისაუბრებთ, ორი სავარაუდო სცენარი გვაქვს: ეს ან ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, მისი არასწორი გათვლა, ან კიდევ კობახიძემ, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ცნობილია პატრონისადმი ერთგულებითა და მორჩილებით, ჩაიდინა „უდიდესი ცოდვა“ - პირადი ინიციატივა გამოიჩინა და დამოუკიდებლად იმოქმედა.
ჰელანდი: მე ვფიქრობ, ეს არის თემა, რომელიც ივანიშვილსა და კობახიძეს ადრეც ექნებათ ნაფიქრ-განხილული, მაგრამ დრო - მომენტი - ნამდვილად ძალიან ცუდად შეარჩიეს ამის საჯაროდ სათქმელად.
რადიო თავისუფლება: გავიხსენოთ - გასულ წელსაც ბევრი კითხულობდა, ნეტავ, რაში დასჭირდათ აგენტების კანონის შემობრუნებაო. შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განგვიმარტა, რომ ეს იმისთვის გაკეთდა, რათა ხალხი ენერგიისა და მუხტისგან დაეცალათ და არჩევნების შედეგების გაპროტესტების თავი აღარ ჰქონოდათ. იქნებ აქაც არსებობს რაღაც მსგავსი, ფარული მოტივი?
ჰელანდი: ჩემი თეორიის მიხედვით, „ქართული ოცნება“ უკვე 2012 წლიდანვე ფაქტობრივად კრემლის ტროის ცხენი იყო, რომელსაც საქართველოს ხელში ჩაგდება და დასავლური გზიდან გადახვევა დაევალა, გზიდან, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს. და წლების განმავლობაში ივანიშვილი საკმაოდ ოსტატურად ართმევდა ამას თავს - ამ ორი ცხენით ერთდროულად ჯირითს - ის საჯაროდ ამბობდა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრე იყო, საქმით კი საპირისპიროს აკეთებდა. 2023 წელს, როდესაც პირველად სცადეს ამ კანონის გატანა, გეხსომებათ, რომ საკმაოდ მარტივად დათმეს ის, რამდენიმედღიანი პროტესტების შემდეგ. მოგვიანებით კი, იმავე წელს, ევროკავშირმა თქვა, რომ გაწევრებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებდა თბილისთან. ვფიქრობ, ამ პერსპექტივამ „ქართულ ოცნებას“ თავზარი დასცა, პანიკაში ჩავარდნილებმა კანონი უკან შემოიტანეს, ანტი-ლგბტ კანონთან ერთად, რათა ევროკავშირისთვის საქართველოსთან მოლაპარაკებების გაგრძელება შეუძლებელი გამხდარიყო.
„ქართული ოცნების“ მიერ მართული საქართველო სრულად შეესაბამება რუსეთის ინტერესებს.
რადიო თავისუფლება: ამ კონტექსტში, მოდით, ვლადიმირ პუტინის ბოლო კომენტარი განვიხილოთ, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე - ერთი მხრივ, კმაყოფილებას ვერ მალავდა, მეორე მხრივ კი, ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენ არ ვერევითო“. როგორ უნდა წავიკითხოთ ეს განცხადება, რა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა?
ჰელანდი: სანამ საქართველო „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის ხელშია, პუტინს არც სჭირდება რაიმესთვის ხელის ხლება - მას უკვე სრული კონტროლი აქვს საქართველოს პროცესებზე. „ქართული ოცნების“ მიერ მართული საქართველო სრულად შეესაბამება რუსეთის ინტერესებს. ესაა ავტოკრატია, სადაც ერთ პარტიას სრული ძალაუფლება აქვს. ერთადერთი ლეგიტიმური და დამოუკიდებელი ინსტიტუტი - პრეზიდენტისა - ვადის ამოწურვას უახლოვდება და როდესაც მოქმედი პრეზიდენტი ყოფილი ფეხბურთელით ჩანაცვლდება, სახელმწიფოზე მონოპოლიის მოხვეჭის პროცესი შეგვეძლება, დასრულებულად ჩავთვალოთ. დარწმუნებული ვარ, რომ პუტინს ივანიშვილზე სრული კონტროლი აქვს - ფინანსურად და, სავარაუდოდ, კომპრომატებითაც. კრემლი და პუტინი კარგად ხვდებიან ქართული საზოგადოების ანტირუსულ განწყობებს და ფრთხილად მოქმედებენ, რათა თავი ღია აქტორებად არ წარმოაჩინონ - ურჩევნიათ, მათი საქმე „ქართული ოცნების“ ხელით გაკეთდეს.
დასავლეთი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, თუ ეს ქვეყანა სწორ გზას აირჩევს - გზას „ქართული ოცნების“ გარეშე.
რადიო თავისუფლება: დასავლეთის რეაქციაზე მინდა გკითხოთ - რას უნდა ველოდოთ, რა ნაბიჯებს?
ჰელანდი: დასავლეთი, განსაკუთრებით ევროკავშირი, მზადაა დაეხმაროს საქართველოს, თუ ეს ქვეყანა სწორ გზას აირჩევს - გზას „ქართული ოცნების“ გარეშე. დასავლეთი უნდა ფოკუსირდეს სამ პუნქტზე: პირველი - არ უნდა მოხდეს დღევანდელი მთავრობის ლეგიტიმაცია; მეორე - უკვე დეკემბერშივე ეფექტიანი სანქციების დაწესება ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, რომლებიც ამ ყველაფრის მთავარ შემოქმედებად გვევლინებიან; და მესამე - დასავლეთმა უნდა მოითხოვოს ახალი არჩევნები საერთაშორისო კონტროლის ქვეშ.
რადიო თავისუფლება: რა მოხდება, თუ ამ ჩიხში ჩავრჩით და არცერთმა მხარემ არ დათმო? რამდენ ხანს შეიძლება ასე გაგრძელდეს?
ჰელანდი: თუ ეს ბრძოლა ხალხმა წააგო, მაშინ ეს შეიძლება გადაიქცეს დეკადისათვის წაგებულ ბრძოლად. სწორედ ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი, რომ არც დასავლეთი და არც ხალხი არ გატყდეს, გამოწვევას თვალი არ აარიდოს და ამ ბრძოლას ბოლომდე მიჰყვეს.
თუ საქართველო მაინც დაკარგავს აშშ-ის მხარდაჭერას, ეს „ქართული ოცნების“ ბრალი იქნება და არა ახალი ადმინისტრაციისა.
რადიო თავისუფლება: ბოლოს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის გაყინვაზეც უნდა გკითხოთ - ამჯერად, გადაწყვეტილება ვაშინგტონში მიიღეს, „ქართული ოცნების“ იდეა არ ყოფილა, თუმცა, როგორც ჩანს, პარტიაში ეს პერსპექტივა დიდად არ აშინებთ - ბატონი კობახიძე აცხადებს, რომ ისინი ტრამპის ადმინისტრაციას დაელაპარაკებიან, და „როგორც და რასაც ტრამპი იტყვის“, ისე იქნება. არის შანსი, რომ ცნობილმა საქმოსანმა ივანიშვილმა „გარიგების ხელოვნების“ ავტორთანაც მოახერხოს საქმის გაჩარხვა და რაიმე გარიგება გამოივაჭროს?
ჰელანდი: აშშ-ში საქართველოსადმი ძალიან ძლიერი, ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერა არსებობს, ოღონდ იმ საქართველოს მიმართ, რომელიც ევროატლანტიკური კურსით მიდის. არ მგონია, რომ ახალი ადმინისტრაციის გამო საქართველოსადმი მიდგომა შეიცვლება, რადგან ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც ვაშინგტონის ქართულ პოლიტიკას ისევ და ისევ, საქართველოს მეგობარი ხალხი განსაზღვრავს. თუ საქართველო მაინც დაკარგავს აშშ-ის მხარდაჭერას, ეს „ქართული ოცნების“ ბრალი იქნება და არა ახალი ადმინისტრაციისა.