ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების საქმეზე ცხრა პირს ბრალდება წარუდგინეს

საპროტესტო აქციის დაშლა რუსთაველის გამზირზე. 4 დეკემბერი, 2024 წელი

პროკურატურის ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების საქმეზე ცხრა პირს წარუდგინეს ბრალდება.

როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, შსს-მ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზება გაუწიეს და მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში, რის შედეგადაც, მათივე თქმით, არაერთმა პირმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 18,229-ე მუხლებით წარედგინათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას და აფეთქების მომზადებას გულისხმობს.

დაკავებულებს ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურა განცხადებასთან ერთად ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ნაჩვენებია ბრალდებულების საუბრის ჩანაწერი. მათ შორის არიან პარტია "ლელოს" წევრები, რომლებიც ფიგურირებენ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ, ფარულად გადაღებულ კადრებში. პროსახელისუფლებო მედიის ცნობით, ისინი „ძალადობრივ გეგმებზე“ საუბრობენ.

ასევე ნახეთ დააკავეს „ლელოს“ წევრები, რომლებიც აქციაზე „ფარულ ჩანაწერში ძალადობრივ გეგმებზე“ საუბრობდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს, დაკავებულია 13 პირი.

აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

ასევე, მიმდინარე აქციების ფარგლებში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რომლებითაც ამ დროისთვის ცხრა პირია დაკავებული.

ასევე ნახეთ შსს-მ კიდევ 5 პირი დააკავა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის ბრალდებით
ასევე ნახეთ შსს-ს თანახმად, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, "ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

შსს-ს სპეცრაზმელები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასაშლელად იყენებდნენ წყლის ჭავლს და ცრემლმდენ გაზს. პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა და დააკავა არა მხოლოდ აქციის ის მონაწილეები, რომლებიც სამართალდამცავებს პიროტექნიკას, ქვებს, ჯოხებს და სხვა საგნებს ესვრიან, არამედ მშვიდობიანი დემონსტრანტებიც. ფიზიკურად იძალადეს მედიის წარმომადგენლებზეც.

Your browser doesn’t support HTML5

აქციის დაშლა და ძალადობა დემონსტრანტებზე