მეამბოხეთა ალიანსი, რომელსაც სათავეში უდგას რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამი“, განაგრძობს პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ჯარების წინააღმდეგ იერიშს სირიის ჩრდილოეთ ნაწილში. ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ მან აიღო ქალაქი ჰამა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება მეამბოხეთა მეთაურზე, ჰასან აბდულა ღანიზე დაყრდნობით.
სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი ჰამა მეხუთეა სირიის დასახლებული პუნქტებიდან, რომლებიც ჯიჰადისტებმა აიღეს უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში მიმდინარე გააფთრებული ბრძოლების შედეგად. მანამდე რამდენიმე დღით ადრე ისლამისტებმა დაიკავეს სირიის უდიდესი ქალაქი ალეპო. მათ ასობით პატიმრის გათავისუფლება შეძლეს ჰამის ცენტრალური ციხიდან, აზუსტებს სააგენტო dpa.
ჰამას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორი ქალაქის, მუჰრადისა და სალამიის კონტროლისთვის. პირველი ძირითადად ქრისტიანული უმცირესობით არის დასახლებული, მეორეში კი ბევრი მუსლიმი ისმაილიტი ცხოვრობს, წერს Reuters-ი.
სირიის თავდაცვის სამინისტროში აღიარეს მეამბოხეთა წინსვლა და განაცხადეს, რომ სამთავრობო ჯარების ქვედანაყოფებმა დანაკარგები განიცადეს და ისინი დასახლებული პუნქტის ფარგლებს გარეთ იქნენ გაყვანილი, „რათა შეენარჩუნებინათ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე და თავიდან აეცილებინათ ურბანული ბრძოლები“.
Reuters-ი შენიშნავს, რომ ჰამის დაცემა, რომელიც მთავრობის კონტროლქვეშ რჩებოდა 2011 წელს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებიდან მოყოლებული, შოკს გამოიწვევს დამასკში და გააჩენს შიშს, რომ მეამბოხეები სამხრეთისკენ გააგრძელებენ მარშს.
სააგენტოს თანახმად, მეამბოხეები უკვე ემზადებიან მოძრაობის გაგრძელებას ჰამიდან 40 კილომეტრზე მდებარე ჰომსისკენ. ჰამიდან დამასკამდე 220 კილომეტრია.
ჰომსის აღებამ შესაძლოა დამასკს მოუჭრას მისასვლელი ზღვისპირა რეგიონებამდე, რომლებიც ასადის მთავარი დასაყრდენია. იქვეა განლაგებული რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზა და ავიაბაზა.
„თუკი ჰომსი დაეცემა, შეგვიძლია რეჟიმის შესაძლო ცვლილებაზე ვილაპარაკოთ,“ მოჰყავს Reuters-ს გამოცემა Syria Report-ის რედაქტორის, ჯიჰად იაზიგის სიტყვები.
სირიის სამოქალაქო ომში, რომელიც 2011 წელს დაიწყო, ასიათასობით ადამიანი დაიღუპა. მასშტაბურ ნგრევას მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება მოჰყვა.
ასევე ნახეთ სირიელი მეამბოხეები ქალაქ ჰამის კიდესთან იმყოფებიან