"ოცნება" გახდა სააკაშვილის პერიოდზე უარესი - გაიმეორა და დაამატა რუსეთი - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" მმართველობა წინა ხელისუფლების მმართველობას შეადარა და თქვა, რომ "ოცნება" დღეს გახდა უარესი, ვიდრე სააკაშვილის პერიოდი" - "გაიმეორა და დაამატა რუსეთი".

ამის შესახებ პრეზიდენტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ოცნებას" ერთი სული აქვს, მიშა იყოს მისი ერთადერთი ოპონენტი. თუ რაიმე ხმები შეინარჩუნეს საზოგადოებში, არის იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ახსოვთ ის პერიოდი, რომელიც არ უნდათ, რომ დაბრუნდეს. ამაზე მუდმივად აპელირებს "ოცნება", რომ, აი, ჩვენ სხვა ვართ.

"ოცნება" დღეს გახდა უარესი, ვიდრე სააკაშვილის პერიოდი. გაიმეორა და დაუმატა ერთი რამ, რაც არ ჰქონდა სააკაშვილის პერიოდს - ავტორიტარიზმს, ერთპარტიულობას, არჩევნების გაყალბებას, ადამიანების უფლებების დარღვევას და ბიზნესის დამონებას, რაც ყველაფერი ხდება "ოცნებაშიც", დაუმატა რუსეთი. ამიტომ არის მიუღებელი და მიუღებელია ამ ქვეყნის ძალიან დიდი უმრავლესობისთვის.

დღეს ის ადამიანებიც კი, ვინც შეიძლება არჩევნების პერიოდშიც გაყალბების გარეშეც აძლევდნენ "ოცნებას" ხმას, დარწმუნებული ვარ, მათი დიდი ნაწილი არ არის მზად რუსეთისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 2018 წელს "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, ბოლო პერიოდში დაუპირისპირდა მმართველ ძალას. პრეზიდენტის კრიტიკა გამწვავდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2024 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რის გამოც შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.

მანამდე იყო მისი იმპიჩმენტის მცდელობა და მმართველი პარტიის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ. სარჩელის საფუძველი იყო სალომე ზურაბიშვილის მოგზაურობა ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე. "ქართული ოცნების" შეფასებით, ამით პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

იმპიჩმენტი არ შედგა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, 2023 წლის 18 ოქტომბერს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას, პარლამენტში ვერ მოგროვდა დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა, ასი დეპუტატი. იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა პარლამენტის 86-მა წევრმა.